მსოფლიო
აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში კრიმინალი უმართავი ხდება
2012-03-19 19:57:44
ჩამოტვირთვა
15 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალურ გარჩევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტოტიებზე არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. სიტუაციის დასარეგულირებლად საგარეო უწყება ამ ტერიტორიებზე საერთაოშირისო საპოლიციო ძალების განლაგებას მოითხოვს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნაა.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალადობისა და კრიმინალური ფაქტების მატებას საგანგაშოდ მიიჩნევენ ქართველი კანონმდებლებიც. საქართველოს პარლამენტში თვლიან, რომ რეგიონში სიტუაციის დარეგულირებას რუსული მხარის ხისტი პოლიტიკა აფერხებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება ამ დრომდე ვერ ხერხდება, შესაბამისად ვერ ხერხდება რეგიონებში არსებული მდგომარეობის რეალური სურათის მიღება.
ქართველი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდეს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც აისახა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ვითარება უკონტროლოა, ქართველ სამართალდამცველებს კი იქ არსებული მდგომარეობის მართვის საშუალებას რუსი ოკუპანტები არ აძლევენ.
კომენტარები