1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა კავშირია ალასანიასა და რუსულ სცენარს შორის?

ჩამოტვირთვა

„ცხინვალის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების ინტენსიური შესვლა უკვე დაწყებულია. თუ სააკაშვილი გააგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას, საქართველო აღმოჩნდება სირიის მსგავს სიტუაციაში“ - ეს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. რა კავშირია ირაკლი ალასანიას გამონათქვამსა და რუსულ გეგმას შორის, რომლის ამოქმედება ოკუპანტი ქვეყნის მიერ დაგეგმილ ბუნტს უნდა მოყვეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ვლადიმერ პუტინის მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის, ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი, დაახლოებით, იმ საკითხზეა, რაზეც ახლა ალასანიამ მიანიშნა. ილარიონოვი ოსი ეროვნების ინტერნეტმომხმარებელს დაეყრდნო, ნიკით Zaur, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე საოცარი სიზუსტით აღწერდა იმას, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე დაატრიალა. ილარიონოვმა სწორედ ამ ინტერნეტმომხმარებლის მიერ, სპეციალიზებულ სამხედრო ფორუმ Milkavkaz-ზე, დაპოსტილი პროგნოზები მიმოიხილა, რომლის თანახმადაც, კრემლი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეჭრას ამზადებს. გთავაზობთ ციტატას გამოქვეყნებული წერილიდან: „ქართული არჩევნების წინ/შემდეგ რუსეთი გაათამაშებს ლიბიის სცენარს შეიარაღებული ბუნტისა და არმიის დეზორგანიზაციის მიღწევის მიზნით. შემდეგ დაიწყება რუსული არმიის შეჭრა მთელი საქართველოს მიტაცებისა და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მოყვანის მიზნით. საქმეში ჩაებმებიან ბურჯანაძე და ნოღაიდელიც...“ – „არასერიოზულად ჟღერს? გაითვალისწინეთ, რომ ეს პოსტი სპეციალიზებულ სამხედრო ფორუმ Milkavkaz-ზე ეკუთვნის მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია ნიკით «zaur»“, - წერს საკუთარ ბლოგზე რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი ილარიონოვი და ამატებს, რომ ამ ნიკით ფორუმზე ოსი სამხედრო ექსპერტი, ზაურ ალბოროვი „მოღვაწეობს“, რომელსაც, როგორც ჩანს, გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წვდომა. ამას გარდა, ინტერნეტმომხმარებელი, ნიკით Zaur, წერს: „რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, ყველანაირად მზადაა ახალი ომისთვის და ამის დასამტკიცებლად აფხაზეთში ТОС-1 «Буратино» -ს შეტანაც გამოდგება, ჩვენთან კი ყველანაირი მშენებლობა, მათ შორის რუსეთის საელჩოსიც - შეჩერებულია. ამას დაუმატეთ რუსეთის აშკარა სწრაფვა, ჩვენთან დასვას მოსკოვის ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი პრეზიდენტი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ოკუპაციისა და იქ სასურველი, მარიონეტული ხელისუფლების დასმის შემდეგ, მათი და საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად და ქართველთა გულის მოგების მიზნით, რუსეთი აპირებს, სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნოს“. წერილში მითითებულია, რომ რუსეთი მოქმედებას სამხედრო-საჰაერო ძალების მხრიდან მოულოდნელი დარტყმებით დაიწყებს. რუსეთის სარაკეტო შენაერთები და არტილერია საქართველოს სამხედრო ნაწილებსა და მათი დისლოკაციის ადგილებს შეუტევს. „მეამბოხე კოლაბორაციონისტები, რომლებიც „ГРУ“-ს მითითებით იმოქმედებენ, შეიარაღებული ამბოხების დაწყებას უზრუნველყოფენ, ძირითადად, თბილისში, რათა თავდაცვის დეზორგანიზება გამოიწვიონ. რუსები შეიჭრებიან, განახორციელებენ რა კლასიკურ ბლიცკრიგს, ხოლო კოლაბორაციონისტები, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოვლენ და, ვთქვათ, „საქართველოს ხსნის კომიტეტი“ ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ყველაფერს წარმოაჩენენ, როგორც რუსეთის მიერ ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციას“. ილარიონოვი ამ ნააზრევის განხილვის შემდეგ კითხულობს: „მოდით, გულახდილად ვთქვათ: გამორიცხულია კი მსგავსი სცენარის არსებობა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის, ქართულ არმიაში შეიარაღებული ბუნტის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობისა და ГРУ-ს მონაწილეობით მოწყობილი „ჯაშუშთა სკანდალის“ შემდეგ? მით უფრო, რომ საჭიროა პუტინის შიდა ლეგიტიმაციაზე ზრუნვა?“. ანდრეი ილარიონოვი ბლოგის დასასრულს ამბობს, რომ ეს და მსგავსი ინფორმაციები, შესაძლოა, საგანგებოდაა შემუშავებული და გავრცელებული, რათა მიანიშნონ, რომ რუსეთი განსაკუთრებული ქვეყანაა და, საერთაშორისო ნორმების საყოველთაოდ აღიარებული პარამეტრების მიუხედავად, ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც მოისურვებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა კავშირია ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ განცხადებასა და რუსეთის მიერ საქართველოში ბუნტის შესაძლო მოწყობას შორის. ფაქტია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრის პროგნოზი ოკუპანტი ქვეყნის მიერ შემუშავებულ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ემთხვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები