პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილის შეხვედრა პარლამენტის წევრებთან
2012-03-16 21:53:43
ჩამოტვირთვა
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრები გამართა.
საპარლამენტო უმრავლესობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალ კანდიდატურას მხარს უჭერს. მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების ერთ-ერთ მოტივად კანონმდებლები ზურაბ ჭიაბერაშვილის შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას უკავშირებენ. ყოფილ მინისტრს, ანდრია ურუშაძეს, დეპუტატები დადებითად ახასიათებენ, თუმცა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს არ აკონკრეტებენ.
საპარლამენტო უმცირესობიდან, მინისტრობის კანდიდატი, ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო და სოციალურ სფეროში არსებულ ვითარებაზე, სადაზღვევო სისტემაზე, ჰოსპიტალურ სექტორზე, დემოგრაფიულ პოლიტიკასა და საპენსიო რეფორმაზე ისაუბრეს. ქდმ–ს ლიდერის, გიორგი თარგამაძის, თქმით, ფრაქციამ ზურაბ ჭიაბერაშვილს საკუთარი ხედვები გააცნო, მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ, თუმცა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქციის წევრები მხარს არ დაუჭერენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უმრავლესობისა და უმცირესობის მოსაზრებები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა რაციონალური არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მათ აუცილებლად გაითვალისწინებს. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, მისი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება, იგი წინამორბედი მინისტრის მიერ დაწყებული რეფორმების გატარებას გააგრძელებს.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები მხარს არ დაუჭერენ. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, აღნიშნულ საკადრო ცვლილებას სასიკეთო შედეგი არ ექნება.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მომავალ სამშაბათს განიხილება.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს ყოფილი ელჩი შვეიცარიაში, ზურაბ ჭიაბერაშვილია. ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ანდრია ურუშაძე, იმავე სფეროში გააგრძელებს საქმიანობას და სოციალურ საკითხებში დედაქალაქის მერის მოადგილედ იმუშავებს.
კომენტარები