მსოფლიო
ვის აუსრულა ივანიშვილმა „ოცნებები“ - ფინანსური სკანდალის დეტალები
2012-03-16 20:05:57
ჩამოტვირთვა
ოლიგარქის კიდევ ერთი ფინანსური სკანდალი. როგორც საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან „მეოცნებეებისთვის“ თანხების გადარიცხვა ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. აღმოჩნდა, რომ „მეოცნებეები“, კონკრეტულად კი საინიციატივო ჯგუფის წევრები, არც მეტი და არც ნაკლები ,,სექსუალურად მოაზროვნე’’ არჩილ კბილაშვილი, ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაბარგებული ელისო ჩაფიძე და რესპუბლიკელების ერთ–ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი, ოლიგარქისგან სოლიდურ ჰონორარს იღებენ. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან, სოლიდური თანხები სხვა მეოცნებე წევრების ანგაირიშებზეც გადარიცხა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში ივანიშვილის გარემოცვამ პირადად ოლიგარქისგან საკმაოდ დიდი ჰონორარი მიიღო. ვრცელ ჩამონათვალში, რომელიც კონტროლის პალატამ დღეს გამოაქვეყნა, სიის სათავეში ივანიშვილის ყოფილი პრესსმდივანი და აწ უკვე ოლიგარქის ტელევიზიაში გადანაცვლებული ირაკლი ტრიპოლსკი მოექცა. ოლიგარქი ყველაზე ხელგაშლილი სწორედ ყოფილი პრესსმდივნისთვის აღმოჩნდა. თუმცა ეს არაფერია იმ მილიონებთან შედარებით, რომელიც ოლიოგარქმა სულ ცოტახნის წინ, მის კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე გადარიცხა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან 43 ,,მეოცნებეზე’’ გადარიცხული თანხის საერთო ჯამი 406 000 ლარს შეადგენს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ოლიგარქი წინასაარჩევნოდ თავისი გულმოწყალებით, კონტროლის პალატის განცხადების ადრესატი კიდევ მრავალჯერ გახდება. იქამდე კი itv-ი სრულად გთავაზობთ იმ ადამიანების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებსაც ივანიშვილმა ,,ოცნებები’’ უკვე აუსრულა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სპეციალური განცხადება კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმაც გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა, სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან არ იღებს. როგორც კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსების სქემის ფაქტზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები უკვე მიმდინარეობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ვისაც ივანიშვილისგან დიდი კუპიურები არ ერგო, ოლიგარქის გამოცდილებას იზიარებენ და ქართული ოცნების ანგარიშზე საკუთარი დანაზოგიდან გარკვეულ თანხას თვითონ რიცხავენ. მაგალითად, თუ ივანიშვილმა ექსპერტ სესიაშვილს საკუთარი ჯიბიდან 12 500 ლარი არგუნა , ექსპერტმა იუკადრისა და ოლიგარქს ,,ხურდის’’ სახით 23 000 ლარი დაუბრუნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ოლიგარქის ანგარიშზე საკუთარ დანაზოგის ჩარიცხვას, ,,ბათუმელი მეოცნებეებიც’’ აპირებენ. არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ მონიტორინგის სამსახურის მიერ გაშიფრულ ფინანსურ სქემაში ,,ქართულად მეოცნებეების’’ მსგავსად ,,ბათუმური ოცნებებიც’’ ასრულდეს.
კომენტარები