მსოფლიო
გერმანიის საგარეო უწყების ვიზიტი - მნიშვნელოვანი გზავნილი ჩიკაგოს სამიტამდე
2012-03-16 00:34:07
ჩამოტვირთვა
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის გაღრმავებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გუიდო ვესტერველემ, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა. რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და აისაფის ოპერაციაში ქართული ბატალიონის მონაწილეობის გათვალისწინებით, ჩიკაგოს სამიტზე მათი პოზიცია დადებითი იქნება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ვესტერველემ აღნიშნა, რომ ძალიან მალე საქართველო ნატოს ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყანა გახდება. ასევე ნათელია, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩართულობის შესახებ და საქართველოს ჟენევის ხელშეკრულებების ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად, მხარეებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ საქართველოს მხარდაჭერას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითი ნაბიჯი უწოდა. რაც შეეხება სერგეი ლავროვის განცხადებას, ვესტერველემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები გერმანიისთვის მიუღებელია.
სერგეი ლავროვის უწყების ინფორმაციით, რუსეთი სავიზო რეჟიმს გააუქმებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს შეცვლის. გრიგოლ ვაშაძემ ეს განცხადება რუსეთის პოზიციის სისუსტედ შეაფასა
გვიდო ვერსტერველე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბრისას ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის მრავალმხრივ ფორმატზეც გაამახვილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური რეფორმები.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გუიდო ვესტერველე, საქართველოს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ეწვია. მასთან ერთად თბილისში გერმანიის მთავრობის რწმუნებული, ადამიანის უფლებათა საკითხებში, მარკუს ლიონინგი, და გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებიან.
კომენტარები