პოლიტიკა
სპეციალური სასწავლო შემოთავაზება ეთნიკური უმცირესობებისთვის
2012-03-14 20:15:54
ჩამოტვირთვა
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტით ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში, არაქართულენოვანი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. ერთი წლის განმავლობაში, სტუდენტები ქართულ ენას ინტენსიური კურსით შეისწავლიან, რის შემდეგაც ისინი უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლას სასურველ ფაკულტეტზე გააგრძელებენ. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს პროგრამის დეტალები პირადად გააცნო.
არაქართულენოვანი აბიტურიენტების მხრიდან ახალი პროგრამის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. პროგრამა სრულფასოვნად გასულ წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც 300–მდე აბიტურიენტმა ქართული ენის შესწავლისა და უნარების გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სწავლა სასურველ ფაკულტეტზე გააგრძელა. პროგრამაში მონაწილე აბიტურინტები სახელმწიფო დაფინანსებას, ზოგად უნარებში აღებული ქულების მიხედვით იღებენ.
პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში მოსახლეობასთან სისტემატურ შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში, მართავენ. საქართველოს სხვადასხვა უნივერესიტეტში არაქართული მოსახლეობის მხრიდან განათლების მიღების სურვილი საკმაოდ დიდია.
როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, არაქართულენოვანი მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო ენის მიმართ ინტერესი და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარების სურვილი ყოველდღიურად იზრდება. პროგრამა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების შესაძლებლობის გაზრდას ემსახურება.
კომენტარები