პოლიტიკა
რუსეთის მორიგი პროვოკაციული განცხადება
2012-03-13 20:05:17
ჩამოტვირთვა
ოკუპანტი ქვეყანა მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას პროპაგანდისტული უწოდა. რუსული მხარე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებსაც შეეხო.
ოფიციალური მოსკოვი სინანულს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი, მარია ზახაროვა, რია ნოვოსტთან საუბრისას, აღნიშნავს, მეზობელ ქვეყანას სურვილი აქვს, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელ ნაწილად სცნოს, თუმცა დიპლომატიური კავშირის აღდგენის თაობაზე რუსეთის ინიციატივა, მას შემდეგ შეწყდა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო.
ოკუპანტი ქვეყნის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა ქართველი კანონმდებლებისთვის. მათი შეფასებით, აღნიშნული განცხადება არასერიოზული და უსაფუძვლოა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მიზანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა. სახელმწიფოში განხორციელებული რეფორმები კი ქვეყანას ლიდერის სტატუსს ანიჭებს.
საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტსაც ნეგატიურად აფასებს და საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე ამბობს, რუსეთს საქართველო-აზერბაიჯანის კეთიმეზობლური ურთიერთობა აღიზიანებს.
საპარლამეტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაღიზიანებული რუსეთისგან მსგავსი ტიპის განცხადებების მოსმენა ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუწევს.
კომენტარები