პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტრაფიკის კერად რჩება
2012-03-09 18:10:26
ჩამოტვირთვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რეგიონში ნარკოტრაფიკის კერად რჩება. ასეთ დასკვნას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიული ანგარიშის ავტორები აკეთებენ.
დოკუმენტში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ვითარება უკონტროლოა, ქართველ სამართალდამცველებს კი იქ არსებული მდგომარეობის მართვის საშუალებას რუსი ოკუპანტები არ აძლევენ.
„ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება კვლავ ვერ ხორციელდება და არსებობს მოსაზრება, რომ ნარკოტიკები ამ ტერიტორიების გავლით გადის.
ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან არ ხდება მონაცემების გაცვლა რუსეთის ოკუპირებულ ძალებს ან დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობას შორის“.
საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების დასკვნას გამოეხმაურა. როგორც კანონმდებლები აღნიშნავენ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გაძლიერება.
ნარკოტრაფიკი არამარტო რეგიონს, არამედ მთელ საერთაშორისო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. როგორც გურამ ჩახვაძე ამბობს, საქართველომ ამ არგუმენტით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლა უნდა მოითხოვოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის დასკვნაში საქართველო არანარკომწარმოებელი ქვეყნების სიაში მოხვდა.
კომენტარები