მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ დასკვნა მიიღო
2012-02-28 13:04:48
ჩამოტვირთვა
ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ დასკვნა მიიღო. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დასკვნაში ფართოდაა მიმოხილული საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა და ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა.
საბჭო აღნიშნავს პროგრესს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. საქართველოს ქვეთავში კი ხაზგასმულია პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მიმართულებით.
ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში საქართველომ შესაბამისი რეფორმა და რეგულაცია უნდა გააგრძელოს. ეს რეფორმები კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოსამზადებელი პროცესის მიღწევებზე უნდა იყოს დაფუძნებული. თავის მხრივ, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა იმ მიმართულებებით, რომლებიც ერთობლივად განისაზღვრა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს გამარტივებული ვიზების და რეადმისიის ხელშეკრულებების ეფექტური იმპლემენტაცია, რაც გახსნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების თემაზე დიალოგს.
"ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას, გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა და გადადგას თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის ვიზების ორფაზიანი სამოქმედო გეგმის დადგენის მიმართულებით, რომლის მიზანია უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში თავისუფალი სავიზო რეჟიმი", - ნათქვამია საბჭოს დასკვნაში.
კომენტარები