მსოფლიო
პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად ემზადებიან
2012-02-27 16:53:50
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით ხვალ საღამოს 8 საათზე წარსდგება. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატები "პოლიტიკური დებატების" ფორმატით გაიმართება. გამომსვლელთა რიგითობის დასადგენად უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დისკუსია დღეს გაიმართა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ დებატებში პირველად მისი ფრაქცია გამოსულიყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ლორთქიფანიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნები გაუგებარია. ბიუროს სხდომამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერის მოთხოვნა დააკმაყოფილა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, იგი ხვალინდელ დებატებზე პრინციპულ და მწვავე საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატები“ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ შემდეგ გამოვა. გიორგი თარგამაძე, რომელიც ფრაქციიდან სიტყვით პირველი გამოვა პრობლემურ საკითხებზე ისაუბრებს და კრიტიკის გარდა პრეზიდენტს ფრაქციის იდეებსაც გააცნობს. ვეფხვაძის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატების" გამოსვლებში საუბარი იქნება ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სფეროების პრობლემებზე.
რეგლამენტის მიხედვით გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
კომენტარები