მსოფლიო
რუსეთის მორიგი აგრესია საქართველოს მისამართით
2012-02-24 21:15:32
ჩამოტვირთვა
მოსკოვი საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალს სდებს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ოფიცილურ ვებგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთში საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მიმართ უსაფრთხოების წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებები განახორციელა. აქვე მოყვანილია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები. თუმცა, უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უცხოეთის იურისდიქციისგან სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის იმუნიტეტის გამო ამ პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება.
რუსეთის საგარეო უწყების გრაფიკა
„გამოძიების მსვლელობისას მიღებულია მტკიცებულებები ე.წ. სამხრეთ ოსეთში პიროვნების, მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მონაწილეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომიტეტი დგამს ნაბიჯებს, რათა დამნაშავეების დასასჯელად საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტები აამოქმედოს"
მოსკოვი რუსეთ-საქართველოს ომში რუსი სამხედროების მიერ დანაშაულის ჩადენას უარყოფს, ხოლო საქართველოს მიერ ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელს დაუსაბუთებელს უწოდებს. როგორც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, ქართული მხარის მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, მოწმის სახით ქართველ სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს რუსი სამხედრო მოსამსახურეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ განუცხადებიათ. მარკინი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მოგონილი მიზეზით უარი უთხრეს რუსულ მხარეს სამართლებრივ დახმარებაზე.
„ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას დაუსაბუთებლად ადანაშაულებს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურად გამოძიებაში“
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2011 წლამდე ამ უწყებაში შევიდა სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის საჩივრები შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების შესახებ. ყველა მიმართვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმდება. კომიტეტის ინფორმაციით, დამატებითი მასალების მიღების მიზნით საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს 5 მიმართვა გაუგზავნა, მაგრამ არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ მიუღია.
საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის კომიტეტის დასკვნას არაადეკვატურს უწოდებს. შოთა მალასხიას თქმით, სტრაზბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან შეტანილი 3 500 -ზე მეტი განხადების განხილვა შეწყვიტა და უკანვე დააბრუნა.
ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს ბრალეულობის დამტკიცებისთვის არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნია. რუსეთი გავლენას კარგავს და ამ პრობლემის გადაფარვას საქართველოს მიმართ აგრესიული განცხადებებით ცდილობს. ასე შეაფასეს კანონმდებლებმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება. მათი შეფასებით რუსეთის ფედერაცია წარუმატებელი პოლიტიკის გამო აგონიაშია.
როგორც კანონმდებლები აღნიშნავენ, რუსეთის მხრიდან გაკეთებული მსგავსი აგრესიული განცახდებები მათი პოლიტიკის სისუსტესა და კრიზისზე მეტყველებს.
კომენტარები