პოლიტიკა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების მერვე პლენარული სესია გაიმართა
2012-02-23 10:56:19
ჩამოტვირთვა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ბრიუსელში, ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მერვე პლენარული სესია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე. დელეგაციაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ევროპული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP); მართლმსაჯულება, თავისუფლება, უსაფრთხოება (JFS) და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. მხარეებმა შეაჯამეს მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესი და დასახეს სამომავლო გეგმები.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას.
კომენტარები