პოლიტიკა
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ
2012-02-22 14:42:37
ჩამოტვირთვა
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ "აპსნი პრესი" იუწყება . თავდასხმა დღეს დილით მოხდა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, ხოლო მისი დაცვის ორი წევრი მძიმედ დაიჭრა. ერთი მათგანი კი, მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ანქვაბის ავტომობილს გუდაუთის რაიონში ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. ანქვაბი სოხუმში, სამსახურში მიდიოდა. ანქვაბის ავტომობილის მიმართულებით სროლის პარალელურად, გზაზე, სადაც მისი კორტეჟი მოძრაობდა, რამდენიმე ფუგასი აფეთქდა. აფეთქების შედეგად კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი დაზიანდა.
დე-ფაქტო სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ანქვაბის ავტომობილს ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარმტყორცნიდან ესროდნენ. ამ დროისთვის თავდასხმის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რათა ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე განსაზღვრონ. თავად ანქვაბი ამ დროისთვის სოხუმში, სამუშაო ადგილზე იმყოფება. იგი ადასტურებს, რომ თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა.
ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე თავდასხმაა. მასზე თავდასხმები 2005, 2007 და 2010 წლებშიც განხორციელდა. 2007 წლის ინციდენტისას, როცა მის ავტომობილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, ანქვაბმა მცირე კონტუზია მიიღო. 2010 წელს მის სახლს ასევე ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბი დაიჭრა.
კომენტარები