პოლიტიკა
ცხინვალის რეგიონში ოსური ბატალიონის შექმნა იგეგმება
2012-02-15 21:55:16
ჩამოტვირთვა
ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარის სამხედრო ბაზაზე ე.წ. ოსური ბატალიონის შექმნა იგეგმება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება არაერთხელ გაამახვილა იმ ფაქტებზე, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, შეჰყავს უახლესი შეტევითი შეიარაღება და განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
"ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად, ხოლო იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მოსახლეობა ან ემსახურება რუსეთის სამხედრო ბაზას ან მსახურობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში, რის მაგალითსაც წარმოადგენს ზემოხსენებული ე.წ. "ოსური ბატალიონის" შექმნა".
საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების გაძლიერებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსური და მატერიალური საშუალებების გამოყოფა ხდება იმ ფონზე, როცა თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მასშტაბით სამხედრო, მათ შორის ბირთვულ, ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის ავარიების შესახებ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეალურ საფრთხეს უქმნის პირველ რიგში რუსეთის მოსახლეობას, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებსა და მთლიანად მსოფლიოს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო მიმართულებით დაფინანსების გაზრდა ლოგიკას მოკლებულია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთმა რესურსები შეამცირა, რადგან მნიშვნელოვანი ობიექტების შენახვა არ შეეძლო.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოების გამო მიიღო. მათ შორის არის ცხინვალის რეგიონში, სოციალური დაძაბულობის შესუსტება. ასევე ნებისიერი პოლიტიკური დაძაბულობის შემთხვევაში რუსეთი ოსური ბატალიონის მეშვეობით შეეცდება სიტუაციის გაკონტროლებას. ექსპერტი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული აქტების განხორციელების მცდელობას გულისხმობს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მე-4 სამხედრო ბაზაზე შეიქმნება ე.წ. ოსური ბატალიონი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ოსურ ბატალიონში მიიღებენ ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს და მათ ექნებათ რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომსახურე პირების თანაზომადი ფულადი ანაზღაურება.
კომენტარები