პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა შენარჩუნებულია
2012-02-13 19:14:46
ჩამოტვირთვა
პარლამენტში უმცირესობის დაშლის საკითხი მოგვარდა. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებს“ უმრავლესობიდან წასული კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი შეუერთდა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი წევრი რატი მაისურაძე ფრაქცია „ძლიერ საქართველოს“ წევრთა შემადგენლობაში შევიდა. უმცირესობის შესაქმნელად საჭირო იყო 13 დეპუტატის არსებობა. კობა კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლით, უმცირესობაში დეპუტატთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია, რამაც პარლამენტში უმცირესობის არსებობა უზრუნველყო.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, კურდღელაშვილმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობიდან უმცირესობაში გადასვლა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
საპარლამენტო უმცირესობა დაშლის საფრთხის წინაშე ორჯერ დადგა. გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უმცირესობაში შემავალი ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" რიგები დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და უმცირესობის გარეთ მყოფ ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაწევრიანდა.
კომენტარები