2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოქრუაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირება გრძელდება

ჩამოტვირთვა

საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს გაზეთის ფურცლებიდან პასუხობს. ივანიშვილმა გასულ კვირას ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ ,,ასავალ დასავალს’’, სადაც სხვა ბრალდებებთან ერთად ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. დღეს კი ვრცელი პასუხი ივანიშვილის ბრალდებებზე ამავე გაზეთში გამოქვეყნდა: გულახდილად ვიტყვი, პირველი და ემოციური რეაქცია, თქვენი ამ ფრაზების წაკითხვისას, იყო ის რომ თავი შეურაცხოფილად ვიგრძენი. გარკვეული დროის შემდეგ ემოციამ გამიარა და გაკვირვება დამეუფლა. კარგად რომ გავაანალიზე თქვენი ნათქვამი გაკვირვებაც აღარ მქონდა, იმის გამო რომ მაშინვე მივხვდი, ეს შეფასება შედეგია იმ მძიმე გარემოსი რომელშიც თქვენ იმყოფებით. გარემოცვა რომელიც თქვენ შემოიკრიბეთ და რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებით, ხომ დაზიანებული ატომური რეაქტორის ეფექტის მატარებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გარემოცვის უდიდესი ნაწილი განსაკუთრებით პირადი მოტივების გამო საკუთარ მტრად მიმიჩნევს, ყველაფერი გასაგები ხდება. იმასაც თუ დავამატებთ, რომ თქვენი პიროვნება ცნობილია იმით, რომ ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ამის შემდეგ ნამდვილად არ ვარ არათუ შეურაცხყოფილი, არამედ გაკვირვებულიც. გარდა იმისა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლიგარქს წაყენებულ ბრალდებებზე პასუხობს, როგორც ჩანს ოქრუაშვილს ივანიშვილისთვის არც კეთილი რჩევები ენანება. ვრცელ განცხადებში ექს მინისტრი ოლიგარქის გარემოცვაზეც საუბრობს. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თქვენი გარემოცვის დიდ ნაწილს პირადი ზიზღი ამოძრავებს ჩემს მიმართ და მათი გავლენის ქვეშ იმყოფებით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე მიგიდგებათ საქმე და მაშინ ჩაერთვება თქვენი გარემოცვა ეს შეიძლება სავალალო შედეგების მომტანი გახდეს ქვეყნისათვის. ნურც იმის მტკიცებას დაუწყებთ ხალხს თუ როგორი დამოუკიდებელი ხართ და ერთპიროვნულად იღებთ გადაწვეტილებებს და არაფერს ეკითხებით თქვენს გარემოცვას. ხუთი თვეა რაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდით და მეტწილად იარლიყების მიკერებით, ოპოზიციაში პოლიტიკური დესტრუქციით თუ სხვა პოლიტიკოსების ლანძღვით უფრო მეტად ხართ დაკავებული, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკით. ეს კი თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი როგორც სჩანს ივანიშვილის მისამართით არც შეურაცმოფელ სიტყვებს იშურებს და ვრცელ განცხადებაში ოლიგარქს ტყუილშიც ადანაშაულებს: მე რომ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა მინდოდეს სულ დეტალურად ჩამოგითვლიდით იმ უამრავი ტყუილის შესახებ, რასაც თქვენს მიერ ხელისუფლების, განსაკუთრებით პოლიციის თუ თავდაცვის სფეროს დაფინანსებაზე ამბობთ იმავე ინტერვიუში, სადაც მე მდებთ ბრალს. თქვენი მხრიდან ტყუილის თქმას ერთი პლიუსი უდავოდ აქვს, ეგ პოლიტიკოსის თანმდევი უარყოფითი თვისებაა ანუ პოლიტიკოსად უკვე შემდგარი ხართ. განცხადების ბოლოს ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ინტერვიუში წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. ექს თავდაცვის მინისტრი ოლიგარქისგან გაზეთის ფურცლებიდან იმ მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს, რომელიც მის ხელისუფლებასთან კავშირს დაადასტურებს. და ბოლოს, საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს მართლა ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან და მითუმეტეს დღესაც მათი გუნდის წევრი ვარ თუ არა, როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ. თუ უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენთ ჩემი ხელისუფლებასთან კავშირის "ოდნავ დამაჯერებელ" მტკიცებულებას მაინც, საჯაროდ ვდებ პირობას რომ არათუ პოლიტიკას დავემშვიდობები სამუდამოდ, არამედ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან განზრახვაზე - საქართველოში დაბრუნებაზე ასევე სამუდამოდ ავიღებ ხელს. თუ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, მეც და ბევრი სხვაც ჩათვლის, რომ თქვენც ისეთივე ტყუილისა და სიყალბის გზას ადგახართ როგორსაც სააკაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილის პასუხს, რომელიც დღეს დილით გაზეთ ,,ასავალ დასავალში’’ გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილი უკვე გამოეხმაურა. ოლიგარქის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ივანიშვილის დამოკიდებულება ოქრუაშვილის პასუხზე დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. ამ დრომდე უპასუხოდ რჩება ოქრუაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის გარემოცვას ეკუთვნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები