პოლიტიკა
რას ყვება ივანიშვილების ოჯახის უცხოელი პედაგოგი
2012-02-09 16:02:18
ჩამოტვირთვა
ივანიშვილების ოჯახის ყოფილი ინგლისურის პედაგოგი პატრიკ დაუნი ინტერნეტით სკანდალურ წერილს აქვეყნებს და ოლიგარქის შვილს, კერძოდ კი უტა ივანიშვილს მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს. პედაგოგის მტკიცებით მას უტა ივანიშვილმა საფაღარათო საშუალების 20 – მაგი დოზა დაალევინა, რის შემდეგაც მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა.
„2008 წლის სექტემბერი იყო, მოულოდნელად თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, ვერ ვხვდებოდი რა დამემართა, რამდენიმე წუთში ოლიგარქ ივანიშვილის ექიმთან მიმიყვანეს, სათანადო მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ გადავრჩი. მეორე დღეს ბერა ივანიშვილმა დამირეკა და და მითხრა, რომ მისმა ძმამ უტამ იხუმრა. ბერა მობოდიშებას ცდილობდა და მომხდარს ხსნიდა, როგორც ბავშვების ხუმრობას. შოკში ჩავვარდი, არ მესმის ადამიანის სიცოცხლით ხუმრობა როგორ შეიძლება“.
პატრიკ დაუნი წერს, რომ ივანიშვილების სახლში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც ბიძინას, ასევე მის მეუღლესა და ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა; მისივე განცხადებით, მოსწავლეები სისტემატურად შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ, არამარტო მას, არამედ, მასთან ერთად მომუშავე ოთხ ფრანგ პედაგოგსაც. ოლიგარქმა ივანიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე შეურაცხყოფილ პედაგოგზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ პატრიკ დაუნი ფსიქიურად ავადმყოფია.
ყოფილი სამხედრო და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე წერილში ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდად არის განწყობილი საქართველოს პატრიარქის მიმართ. პედაგოგი აკონკრეტებს, რომ პატრიარქის მიმართ ოლიგარქის დამოკიდებულების შესახებ მას საიდუმლო ბერა ივანიშვილმა გაანდო.
„დღეს კოშმარულად ვიხსენებ ივანიშვილების ოჯახში ჩემს მოღვაწეობას, იქიდან წამოსვლის შემდეგ შემოვიდა მუქარის ზარი ივანიშვილის მარჯვენა ხელის, ვინმე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. საშინელება იყო ის, რომ მოსწავლემ ერთხელ სახაზავი ჩამარტყა, და სისტემატურად შეურაცხმყოფელად მექცეოდნენ“.
პედაგოგის წერილიდან ისიც ირკვევა, რომ ივანიშვილების ოჯახი სპეციალურ ვეგეტარიანულ დიეტზეა. პატრიკ დაუნი ყვება, რომ როგორც ბერა ამბობს, ამ დიეტის საშუალებით ოლიგარქი 120 წლის განმავლობაში აპირებს ცხოვრებას. პოლიტიკა, იდუმალების ატმოსფერო და უნდობლობის ხარისხი – ასე ახასიათებს ყოფილი პედაგოგი, ივანიშვილების ოჯახიდან გაქცეული პატრიკ დაუნი – ოლიგარქის ოჯახს.
კომენტარები