პოლიტიკა
ივანიშვილი კოალიციას გუგული მაღრაძითა და სალომე ზურაბიშვილით „აძლიერებს“
2012-02-08 20:40:34
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი ირაკლი ალასანიას ცოლის და – მაია ფანჯიკიძე წარუდგინა. ახალი პრესსპიკერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველ ორშაბათს ტრადიციულ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციას მიაწვდის.
მაია ფანჯიკიძის წარდგენა დღეს ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა. ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ორი ახალი შენაძენი ეყოლება.
ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი გახდება სალომე ზურაბიშვილი და ამ დრომდე გაურკვეველი მისიის მქონე „ქალთა პარტიის“ ლიდერი გუგული მაღრაძე, საზოგადოებისთვის ნაცნობი პოლიტიკოსი ქალბატონები „ქართულ ოცნებას“ თავიანთი პარტიებით უერთდებიან.
„ასავალ–დასავალში“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ივანიშვილი დღეს უკვე აღარც „რესპუბლიკელებს“ აკრიტიკებდა და აღარც „თავისუფალ დემოკრატებს“. „ქართული ოცნების“ ლიდერი ამჯერად, კოალიციის ერთსულოვნებაზე საუბრობს. ოლიგარქი აქციების თემას შეეხო და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოყვანას არ გამორიცხავს.
ბიძინა ივანიშვილმა ბურჯანაძე–კუკავას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდეოლოგიურ განსხვავებათა გამო მათთან თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც ჩანს, აქციების იდეით აჟიტირებულ ოლიგარქს, „ბელა–ჩაოს“ წარუმატებელი მარათონი აღარ ახსოვს, ასევე ავიწყდება, რომ ორიოდე წლის წინ არც სალომე ზურაბიშვილის, გუგული მაღრაძის, თინა ხიდაშელისა და გაერთიანებული „ვაი–ოპოზიციის“ მიტინგებს მოჰყოლია კონკრეტული შედეგი, დაბინძურებულ ქალაქს, გადაკეტილ ქუჩებსა და ქუჩებში გაშლილ „კარვებს“ თუ არ ჩავთვლით.
კომენტარები