მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი მშვიდობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
2012-02-02 14:21:53
ჩამოტვირთვა
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტისა და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა მშვიდობის ინსტიტუტის სათავო ოფისში გაიმართა.
პრეზიდენტის საჯარო მოხსენებას ინსტიტუტის პროფესორები, არასამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ამერიკელი ექსპერტები და პოლიტოლოგები ესწრებოდნენ,
მათ შორის ისინი, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრის მოდერატორი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა. მისი თქმით, საქართველო მაგალითად უნდა იქცეს სხვა ქვეყნებისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა თავის ვრცელ გამოსვლაში იმ საპროტესტო ტალღაზე ისაუბრა რომლის მოწმეც მსოფლიო ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა, როგორც ახლო აღმოსავლეთში ისე რუსეთში. საქართველოს პრეზიდენტმა ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე და იმ გამოცდილებაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ პოსტ რევოლუციურ პერიოდში სახელმწიფოს მშენებლობისას მიიღო და განაცხადა რომ საქართვლოს წარმატებული რეფორმებით შესაძლოა ბევრმა ქვეყანამ იხელმძღვანელოს.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. პრეზიდენტის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ექსპერტები ძირითადად ინტერესდებოდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, კორუფციასთან ბრძოლით, რუსეთთან ურთიერთობით და საქართველოს როლით გლობალურ უსაფრთხოებაში. მიხეილ სააკაშვილს შეკითხვები ძირითადად პოსტრევოლუციურ რეფორმებზე, საზოგადოების მენტალურ ცვლილებებზე და საქართველოს სამომავლო გეგმებზე დაუსვეს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ კიდევ ერთი მენტალური ცვლილება მოხდა და ეს მენტალური ევოლუცია იყო.
კომენტარები