2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული გიახლოვდებათ“

ჩამოტვირთვა

,,ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული გიახლოვდებათ“– ამ სიტყვებით ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ვლადიმირ პუტინს მიმართა. რუსეთში დაწყებული გამოსვლების პირველივე დღიდან გაივლო პარალელი ქართულ ხავერდოვან რევოლუციასთან, მოედანზე წითელი ვარდებიც გამოჩნდა. მანიფესტაცია მოსკოვის ცენტრში ძალებს ისევ იკრებს, 5 თებერვალს დაგეგმილი მიტინგი კრემლისთვის არასასიამოვნო ასოციაციებს აჩენს ... მიტინგი „სამართლიანი არჩევნებისთვის“ 1990 წლის მარშრუტს გაიმეორებს. ეს გზა 22 წლის წინ ზუსტად 4 თებერვალს ასობით ათასმა ადამიანმა გაიარა. ისინი კონსტიტუციის იმ მუხლის შეცვლას მოითხოვდნენ, რომელიც კომუნისტური პარტიის პოზიციებს ამყარებდა. მომიტინგეებმა მაშინ შედეგს მიაღწიეს. პუტინისა და მედვედევის ტანდემი დაგეგმილ აქციებს უფრთხის და არასასიამოვნო სიმბოლურ ფიქრებს უღვიძებს, რაც იმაშიც გამოვლინდა, რომ ოფიციალური მოსკოვი 4 თებერვალს აქციის გამართვას ეწინააღმდეგებოდა. შესაძლოა, ექსპრემიერს უბრალოდ ცრურწმენების სჯერა. მის წინააღმდეგ მიმართული აქციის სიმბოლური კავშირი 1990 წლის 4 თებერვლის მიტინგთან, როგორც ჩანს, მისთვის უმნიშვნელო დეტალი არ აღმოჩნდა. მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციის 4 თებერვალს ჩატარების ნებართვა 50 ათას ადამიანზე გასცა. რაც შეეხება თავად რუსულ ოპოზიციას, მასში შემავალი ძალები განსხვავებული იდეოლოგიების გამტარებლები არიან. გასული წლის აქციების დროს რუსულ ოპოზიციურ სპექტრში რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკოსები გამოჩნდენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ, როგორც ლიბერალური ოპოზიციის, ასევე კომუნისტური პარტიის, "სპრავედლივაია როსიას" და ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ექსპერტების აზრით, მათთვის ერთიანობის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება, მითუმეტეს მაშინ, როცა ერთპიროვნული ლიდერი გამოკვეთილი არ არის. მოძრაობა ,,სოლიდარნოსტის“ ლიდერი ბორის ნემცოვი. ნემცოვი ლიდერია ახლადშექმნილი „პარნასის“, სახალხო თავისუფლების პარტიისა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა. ფოტო : კოალიცია "სხვა რუსეთის" წარმომადგენელი ედუარდ ლიმონოვი ფოტო: ”მემარცხენე ფრონტის” ლიდერი სერგეი უდალცოვი ფოტო: "იაბლოკოს" ლიდერი გრიგორი იავლინსკი, რომელიც აქციის ერთ–ერთ ლიდერად გამოცხადდა ფოტო: სახალხო თავისუფლების პარტიის თანათავმჯდომარე ვლადიმერ რიჟკოვი მიტინგის ორგანიზატორთა შორის არიან, ბლოგერი – ალექსეი ნავალნი, მწერალი – ბორის აკუნინი, დეპუტატი – გენადი გუდკოვი, ჟურნალისტი – იური საპრიკინი, ჟურნალ – “Вокруг света”-ს მთავარი რედაქტორი – სერგეი პარხომენკო, “მემარცხენეთა ფრონტის” აქტივისტი – ანასტასია უდალცოვა და იურისტი – ელენა ლუკიანოვა. როგორც ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, აქციები რუსეთში მასშტაბურ სახე მიიღებს, რაც პუტინის რეჟიმს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეკემბერის გამოსვლებს დასავლეთიც გამოეხმაურა. პოლიტიკოსთა ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ აქციები რეჟიმს მნიშვნელოვან დარტყმას ვერ მიაყენებს, თუმცა დემოკრატიული ძვრების დასაწყისად ჩაითვლება. შეგახსენებთ, რუსეთში 4 დეკემბერს გამართული სათათბიროს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოსკოვის ცენტრში პირველი ფართომასშტაბიანი აქცია 10 დეკემბერს გაიმათა, რომელშიც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ხელისუფლებისადმი რამდენიმე მოთხოვნას ითვალისწინებს - არჩევნების შედეგების გაუქმებას, პოლიტპატიმართა გათავისუფლებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასა და მის პასუხისგებაში მიცემას, ყველა პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას და ახალი არჩევნების ჩატარებას. თუმცა ეს მოთხვნები არ დაკმაყოფილდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები