პოლიტიკა
მედვედევი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს
2012-01-27 12:47:31
ჩამოტვირთვა
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ მას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურს, თუმცა არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. რუსეთის პირველმა პირმა ეს განცხადება ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის პირველი კურსის სტუდენტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
დღესვე დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერი მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიხურება უკანონოდ გახსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, დიმიტრი მედვედევის გამოსვლაშიბევრი ბუნდოვანი გზავნილია.
მედვედევის განცხადებას ეხმიანებიან ქართველი დეპუტატებიც. როგორც უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, ქართული მხარე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მხოლოდ მას შემდეგ აღადგენს, რაც ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა საელჩოების ურთიერთთანამშრომლობის მხრივაც შეწყვეტილია. რუსეთსა და საქართველოს შორის შუამდგომლობის საკითხებს შვეიცარული მხარე აგვარებს.
კომენტარები