2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვინ იმუშავებს ივანიშვილის ტელევიზიაში?

ჩამოტვირთვა

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიის გახსნას აპირებს უკვე ცნობილია; სარედაქციო პოლიტიკას გააკონტროლებს ოლიგარქის პრესსპიკერი და „მე–9 არხის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკი. ტრიპოლსკიმ „აიტივისთან“ სატელეფონო საუბარში დღეს განაცხადა, რომ ზუსტად ორ დღეში ტელევიზიის დირექტორატი საზოგადოებას ახალი მაუწყებლის თანამშრომლებს წარუდგენს. ამ ეტაპზე, „იგრიკასთვის“ კადრების შერჩევა გრძელდება, გარკვეულია მხოლოდ ის, რომ არხის ხელმძღვანელი მეცხრე არხის ყოფილი თანამშრომელი ლაშა შონია იქნება. ცნობილია ასევე, რომ ლაშა შონიასთან ერთად, არხს რეჟისორი ნუგზარ ყიფიანი უხელმძღვანელებს. „იგრიკას“ სახე იქნება გოგი ახალკაცი, რომელიც ამ არხზე პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი იქნება. საინფორმაციო სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი და „მოამბელი“ გოჩა ხუნდაძე გაუძღვება, პროდიუსერი კი მანანა მენთეშაშვილი იქნება. მანანა მენთეშაშვილმა „აიტივისთან“ საუბარში დაადასტურა, რომ არხის ხელმძღვანელობასთან საუბარი ჰქონდა და ტელეკომპანიის შაბათ–კვირის პროდიუსერად დაიწყებს მუშაობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქისთვის მისაღებ და სასურველ ჟურნალისტთა სიაში არიან სოფო მოსიძე და კახა ბექაური. ტელეკომპანიის მთავარი რეჟისორი კი მანანა ბერიკაშვილი იქნება. ამ ეტაპზე, არც ჟურნალისტები და არც მანანა ბერიკაშვილი „იგრიკასთან“ თანამშრომლობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებენ. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ივანიშვილისგან შეთავაზება მიიღო ბი–ბი–სის ამჟამინდელმა ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა, დღეს ჩვენ სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით მას, თუმცა ირაკლი ინფორმაციას არ ადასტურებს და „იგრიკაზე“ საუბარს გაურბის. არაოფიციალური ინფორმაციით, ჟურნალისტების უმრავლესობ ივანიშვილის „იგრიკაში“ მუშაობაზე უარს აცხადებს. ვის აცდუნებს მაღალი ხელფასი და ვინ მიიღებს ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობის გადაწყვეტილებას ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია, მხოლოდ ის, რომ „იგრიკას“ სატელიტის საშუალებით მარტის ბოლოს ვიხილავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები