მსოფლიო
„ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ იგეგმება“
2012-01-23 13:27:34
ჩამოტვირთვა
ნატო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. დასავლური მედიის ცნობით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორმუზის სრუტის გავლით ენერგომატარებლების გადაადგილება გაგრძელდეს, რადგან ის უმსხვილესი საზღვაო არტერიაა.
"ირანის ხელისუფლება ვალდებულია, მოიქცეს ისე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები იქცევიან – საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნატო ინტერვენციას არ გეგმავს", - განაცხადა რასმუსენმა.
ირანი ორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მას ნავთობზე ემბარგოს დაუწესებს. ეს საკითხი, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დამტკიცდეს, რომელიც დღეს გაიმართება. სანქციები ძალაში რამდენიმე თვის შემდეგ შევა, მაგრამ, არაუგვიანეს 1-ელი ივლისისა. ეს ვადა საჭიროა იმისთვის, რომ იმპორტიორმა ქვეყნებმა ნავთობის სარეზერვო მარაგის შევსება შეძლონ.
ამასთან, ორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკირებასთან დაკავშირებით ბარაქ ობამა ოფიციალურ თეირანს პირდაპირ მოლაპარაკებებს სთავაზობს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უმაღლეს ლიდერს საიდუმლო წერილი უკვე გაუგზავნა. თუმცა თეთრი სახლი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარები