მსოფლიო
პუტინის კიდევ ერთი აღიარება: აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო
2012-01-19 22:27:10
ჩამოტვირთვა
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან მიმართებით მორიგ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებს. მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას რუსეთის პრემიერმა 2008 წლის მოვლენებიც გაიხსენა და საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ მკვეთრი გაფრთხილება გააკეთა. პრემიერმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა რის გამოც რუსულმა მხარემ სამხედრო აგრესია დაიწყო.
"ადამიანები სხვადასხვა მოსაზრებებით მოქმედებენ. მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. ის ძალიან საინტერესოდ წერს ის, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ კავკასიის ცნობილი კრიზისის დროს მას შეეძლო, რუსეთის ქმედებები არ აღექვა. იქ ჩვენი ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოკლეს. რა უნდა გაგვეკეთებინა?! და ადამიანები, მათ შორის ეთნიკური ქართველები აქ ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, თავად საქართველოში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენი ქმედებების მოტივი ესმის. რა უნდა გაგვეკეთებინა?! ჩვენ ხომ არ დაგვირღვევია საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში დაფიქსირებული შეთანხმება?!
გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ასეთი აგრესიული ხასიათის ქმედებებს ახორციელებენ. და რა უნდა გავაკეთოთ?! ჩვენ მზად ვართ, ქართულ საზოგადოებასთან გამოსავალი ვეძებოთ, თუ ჩვენთან საუბარი სურთ. „
პუტინის გამოსვლას აფასებენ ქართველი დეპუტატები. იმ ფონზე, როცა რუსულმა მხარემ უკვე არაერთი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ განხორციელდა საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესია, ქართველი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ რუსეთის მიერ იმის უარყოფა რომ ომი მათ არ დაუწყიათ აზრს კარგავს. მისივე თქმით, ქართული მხარე ჟენევის ფორმატში რუსეთთან დიალოგზე უარს არ ამბობს, თუმცა ცხადია გარკვეული წინაპირობით.
პუტინის გამოსვალში განსაკუთრებული აქცენტი იმ საკითხზე გაკეთდა, რომ შესაძლოა საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განთავსდეს. საინტერესოა, რომ პუტინის ამ გნცხადებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის ადმინისტრაციამ ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური შეხვედრა დაანონსა. როგორც ქართველი ექპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რუსული მხარე შიშობს, რომ შესაძლოა სწორედ ამ შეხვედრაზე ამერიკამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოში განთავსების ვერსია კიდევ ერთხელ გააჟღეროს.
საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ ამერიკის ადმინისტრაციას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა დეპუტატმა მსგავსი იდეა წამოაყენა. შეგახსენებთ, რომ ამერიკა რაკეტსაწინაამდეგო სისტემის განთავსებას, ამ დრომდე თურქეთში გეგმავდა. თუმცა ასევე განიხილება შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნები და კავკასიის რეგიონიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა თეთრ სახლში 30 იანვარსაა ჩანიშნული.
კომენტარები