პოლიტიკა
ჯაბა იოსელიანის საფლავის მთხრელის აღსარება
2012-01-16 21:40:17
ჩამოტვირთვა
„გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო!
მე ვარ მიხეილ ჯაფარიძე, საქართველოს მოქალაქე და 1998 წლიდან მუდმივად ვცხოვრობ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ამჯერად ვიმყოფები ბერლინში.
მე არ ვარ საქართველოს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არ მივეკუთნები არც პოლიტიკურ მოძრაობა «მრგვალ მაგიდას» და არც ე.წ. «ზვიადისტების» რომელიმე დაჯგუფებას.
გადავწყვიტე, ინტერნეტპორტალ "დრონი.ჯი"-სა და მისი რედაქტორის, ჟურნალისტ ლაშა ბერულავას მეშვეობით ქართველ საზოგადოებას ვამცნო, რომ თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში 2012 წლის 6 იანვრის ღამეს, ჯაბა იოსელიანის საფლავთან განხორციელებული აქციის ორგანიზატორი და შემსრულებელი პირადად მე გახლავართ.
ამასთან, მინდა განვაცხადო, რომ ჟურნალისტ ლაშა ბერულავასა და საქართველოში ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ამ ვიდეოს ჩაწერამდე უცნობი იყო, რომ აქციის ორგანიზატორი და შემსრულებელი მე ვიყავი.
მე დღემდე არ ვაპირებდი ჩემი ვინაობის გამჟღავნებას, რადგან არ მინდოდა ჩემი პერსონა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო, ჩემი მიზანი იყო საზოგადოების გამოღვიძება და საზოგადოების წიაღში ამ საკითხისადმი, პროტესტის გაღვივება, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩემს საქციელს არაადექვატური რეაქცია მოჰყვა და არასწორი ინტერპრეტირებით იქნა აღქმული, ვაპირებ ვთქვა სრული სიმართლე.
მაგალითად, ჯაბა იოსელიანის თანამოაზრენი და „მხედრიონის“ ზოგიერთი ყოფილი წევრი განზრახ შეეცადნენ, ჩემი პოლიტიკური აქცია ვანდალიზმად, არაქრისტიანულ და, უბრალოდ, კრიმინალურ მოქმედებად მოენათლათ. მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტე, ნათელი მოვფინო იმ მიზეზებს, რამაც დიდუბის პანთეონში ზემოთაღნიშნული პოლიტიკური აქციის ჩატარებამდე მიმიყვანა.
პირველ რიგში, მინდა ცალსახად განვმარტო, რომ ეს იყო არა ვანდალური აქტი და საფლავის შეურაცხყოფა, არამედ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რაც ემყარებოდა ჩემი და ჩემთან ერთად, საქართველოს უამრავი მოქალაქის რწმენას იმის შესახებ, რომ 90-იან წლებში მოწყობილი ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიას და შემსრულებლის, ჯაბა იოსელიანის საფლავი არ უნდა იყოს საზოგადო მოღვაწეთა არცერთ, საქართველოში დღეს არსებულ პანთეონში.
საზოგადო მოღვაწა პანთეონში განსვენება არის სიმბოლური აქტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოება თავის პატივისცემას გამოხატავს განსვენებულის მიმართ.
აქედან გამომდინარე, ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ჯაბა იოსელიანის ცხედრის ადგილი დიდუბის პანთეონში არ არის, რადგან ჯაბა იოსელიანის ნეშტის ამ ადგილზე ყოფნა, შეურაცყოფს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას და ის დღევანდელ საზოგადოებაში სამართლიანობის და რიგითი მოქალაქისთვის თუნდაც კანონის უზენაესობის აღქმის პრინციპს ეწინააღდეგება.
2012 წლის 6 იანვრის ღამეს პირადად მე, თანამოაზრეებისა და თანამძრახველების გარეშე გავაკეთე ის, რაც შემდეგ გახმაურდა და პრესაშიც გავრცელდა: დავაკარი ჯაბა იოსელიანის საფლავის ქვაზე რამდენიმე ფოტო, სადაც ასახული იყო ძმათამკვლელი ომი საქართველოში, ასევე სისხლიანი ხელის მტევანი ნიშნად იმ პროტესტისა, რასაც იწვევს ამ სისხლიანი გადატრიალების ყველა ორგანიზატორი, ხოლო საფლავის გვერდით დავტოვე საველე ნიჩაბი, რომელიც საგანგებოდ ამ აქციისთვის შევიძინე ელიავას ბაზრობაზე, 31 დეკემბერს დაახლოებით 12 საათზე.
აქციის მიზანი გახლდათ არა საფლავის გათხრა ან ცხედრის ამოთხრა საველე ნიჩნით, რაც დამეთანხმებით, ერთი ადამიანის, ფიზიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს აღემატება, არამედ ჩემი მიზანი იყო საზოგადოებაში არსებული იმ პროტესტის მუხტის გაღვივება, რომელიც არსებობს ჯაბა იოსელიანის საქართველოს გმირად მონათვლასა და კონკრეტულად მისი საფლავის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საფლავის გვერდით მოჩიჩქნილ მიწას, ეს მხოლოდ მინიშნება იყო იმისკენ, რომ საჭიროა მოხდეს იოსელიანის ცხედრის გადასვენება და არაუგვიანეს მისი გარდაცვალების წლისთავისთვის- რომელიც 4 მარტსაა, დიდუბის პანთეონი გათავისუფლდეს მისი ცხედრისგან.
მე მზად ვარ მივცე ჩვენება საქართველოს სამართლადამცავ ორგანოებს, მივაწოდო დაწვრილებითი ინფორმაცია და დეტალები , რომელიც დაადასტურებს ჩემი ჩვენების სისწორეს და თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, აღმკვეთ ან სხვა სახის ღონისძიებებს, კონკრეტულ შემთხვევაში ჯაბა იოსელიანის საფლავთან პოლიტიკური აქციის ჩატარების გამო, მაშინ მე მზად ვარ პასუხი ვაგო საქართველოს კანონმდებლობის წინაშე.
ვიდეომიმართვა ჩაწერილია ჩემს მიერ, ჩემივე სურვილით და ინიციატივით და ვადასტურებ, რომ მისი ჩაწერის მომენტში ვიმყოფები სრულიად ფხიზელი, ვარ საღ გონებაზე და გაცნობიერებული მაქვს ის შედეგები, რაც შესაძლოა, მოჰყვეს მის გამოქვეყნებას.
მე მინდა კიდევ გავიმეორო, რომ მე ვაღიარებ აქციის ორგანიზებას და შესრულებას, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ.
პატივისცემით - მიხეილ ჯაფარიძე, ბერლინი, 2012 წლის 15 იანვარი."
კომენტარები