მსოფლიო
აფინანსებს თუ არა „ალია ჰოლდინგს“ ივანიშვილი
2012-01-06 19:20:10
ჩამოტვირთვა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკა“ ვარაუდს გამოთქვამს, რომ მედია საშუალება “ალია ჰოლდინგს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ამის შესახებ განცხადება დღეს კოალიციის ოფისში სპეციალურ ბრიფინგზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა, მისი თქმით "გაზეთის დაფინანსების შესახებ ეჭვებს აჩენს ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში ბიზნესმენსა და გაზეთის ხელმძღვანელობას შორის არსებობდა დაპირისპირება, იწერებოდა მწვავე სტატიები, ამჟამად კი, ბიძინა ივანიშვილის შესახებ კრიტიკული სტატიების დაბლოკვის გამო "ალიას" ჟურნალისტები ტოვებენ".
კოალიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას დღესვე საქართველოს კონტროლის პალატაშიც გამოეხმაურნენ. როგორც პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია გოგელაძე ამბობს, თუკი მგავსი ინფორმაცია დადასტურდა ის აუცილებლად საჯარო იქნება და კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
ალიაჰოლდინგის ხელმძღვანელობა მედიასაშუალების ივანიშვილის მიერ დაფინანსების ფაქტს უარყოფს, თუმცა მედიისთვის ოფიციალურ კომნტარს არ აკეთებს. მედიასაშუალების ხელმძღვანელობამ დღეს საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება განათავსა.
ბოლო დღეებში «ალია ჰოლდინგის» წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული და ბინძური კამპანია. იმის გათვალისწინებით, რომ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები ჩვენს კომენტარებს ეთერში არასრულყოფილად და დამახინჯებულად უშვებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით «ალია ჰოლდინგი» წყვეტს სატელევიზიო კომენტარების მიცემას.
ამ აბსურდულ და ბინძურ ბრალდებებზე სრულყოფილ და ამომწურავ პასუხს «ალია ჰოლდინგი» თავისივე გამოცემის საშუალებით გასცემს და ის 9 იანვრის «კვირის ქრონიკაში» გამოქვეყნდება.
გაზეთი ალია ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ეკა სეხნიაშვილმა დატოვა. მისი თქმით, გაზეთიდან ჟურნალისტების წასვლის მთავარი მიზეზი ბოლო დროს მათზე განხორციელებული ზეწოლა იყო. სეხნიაშვილის გნცხადებით, მათ ხშირად აიძულებენ მოვლენების ცალმხრივ გაშუქებას და ჟურნალისტის მთავარი პრინციპის - მიუკერძოებლობის დარღვევას.
კომენტარები