პოლიტიკა
პოლიტიკური წელი 2011
2011-12-29 09:00:59
ჩამოტვირთვა
გაეროს რეზოლუციაში ტერმინ „ოკუპაციის“ დაფიქსირება, მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ვიზიტი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მონიტორინგის დაწესება საქართველოსათვის 2011 წლის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენებია. მაისის აქციები და წინასწარდაანონსებული რევოლუციების კრახი. პოლიტიკური რვიანი და შემდეგ პოლიტიკური ექვსიანი. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე - ეს კი 2011 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური ამბებია.2011 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა.
“როცა საქართველოში ვარ თავი ევროპაში მგონია“, ეს სიტყვები საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 2011 წელს საქართველოში ვიზიტისას წარმოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სიტყვით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმართავდა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურდღება რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობაზე. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართვისა და დილოგის გზით კონფლიქტების მოგვარებისკენ. სარკოზიმ ყურადღება საქართველოში უკვე გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს უნდა გახდეს საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის საფუძველი.
საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი გადაგმული ნაბიჯი საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და ნატოს წევრი 28-ვე ქვეყნის ელჩების ვიზიტიც იყო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ნატოს მიერ საქართველოსადმი დაინტერსებისა და მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასეს. ვიზიტი გაზაფხულზე დაგეგმილი ჩიკაგოს სამიტის ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო, სადაც მხარეებმა თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხები დეტალურად განიხილეს. ნატოს დელეგაციამ საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა, ასევე ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართა. სხდომის დასასრულს ანდრეს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა მედიისთვის პრესკონფენეციაც გამართეს. როგორც ნატოს გენერალური მდივანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერქპექტივა უშუალოდ არის დამოკიდებული ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე.
საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასეს ასევე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება ქართული მხარის ინტერსების გათვალისწინებით. დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოსკოვმა საბოლოდ მაინც მოაწერა, აღნიშნულია ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტვირთების მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას გულისხმობს. 1993 წლის შემდეგ ამ შეთანხმებით საქართველო პირველად მოახერხებს ყველა ტვირთის გაკონტროლებას.
2011 წლის ნოემბერში ქართული და რუსული მხარეები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარული მხარის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს დასთანხმდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს კომპრომისული შეთავაზებაა რომლითაც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე ყველა ტვირთის მონიტორინგი იქნება შესაძლებელი.
ბურჯანაძე, „სახალხო კრება“ და „ქართული პარტია“ რევოლუციას ერთდროულად გეგმავდნენ, თუმცა სხვადასხვა ადგილას. ირაკლი ოქრუაშვილმა „მრისხანების დღე“ პარიზიდან დააანონსა და საქართველოში ჩამოსვლაც დაგეგმა.
რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები კოსტავას ქუჩაზე დაიწყო და მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. ქუჩის შეკრებების ერთერთ ორგანიზატორს 26 მაისისთვის მომიტინგეებთან ერთად „დედა ენის“ ბაღში გადანაცვლება ურჩიეს. ბურჯანაძე მერიის წარმომადგენლების თხოვნას არ დასთანხმდა. 25 მაისის შემდეგ მიტინგი არასანქცირებულად ჩაითვალა და ამის გამო აქცია დაშალეს იქ, სადაც მეორე დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი უნდა ჩატარებულიყო.
„ქართული პარტიის“ გეგმის თანახმად, 26 მაისს აღლუმი კოტე გოგელიას უნდა ჩაებარებინა. ოპოზიციის გეგმები ჩაიშალა, ოქრუაშვილმა კი ყველაფერი ლევან გაჩეჩილაძეს გადააბრალა და განაცხადა, რომ გაჩეჩილაძე მის გეგმებს ხელისუფლებასთან ახმოვანებდა.
ოპოზიციის მეორე ნაწილში, 8 პოლიტიკური პარტია გაერთიანდა და საარჩევნო კოდექსის დახვეწა-გაუმჯობესებაზე მუშაობა დაიწყო. ათთვიანმა მუშაობამ ვერ გაამართლა და ამიტომ 8-იანი 6-იანად გარდაიქმნა. გაერთიანება ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ და ახალმა მემარჯვენეებმა დატოვეს.
საბოლოოდ, ვერც „ექვსიანის“ მუშაობამ გაამართლა. ხელისუფლება „ახლებისა“ და „ქრისტიან დემოკრატების“ წინადადებებს დათანხმდა, რომლის შედეგადაც დეპუტატთა რიცხვის 150-დან 190-მდე გაზრდა გადაწყდა.
წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალშია ცვლილებები კანონში, რომელიც 5 ივლისს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა და რომელიც ყველა რელიგიურ გაერთიანებას აძლევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. აქამდე ამის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა. მიდმინარე წელს საქართვალოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით ეს პროტესტი ქუჩაშიც გადავიდა, თუმცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადების შემდეგ, პროტესტი შეწყდა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა წლის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა. მან რამდენიმე წერილი მედიის საშუალებით გაავრცელა და პოლიტიკოსებს თავის გუნდში გადასვლისაკენ მოუწოდა.
ბიზნესმენმა ოპოზიციურ პარტიებს ანგარიშებზე მილიონები გადაურიცხა. ეს საჩუქარი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „რესპუბლიკელებმა“, ზვიად ძიძიგურის „კონსერვატორებმა“ და კობა დავითაშვილის „ხალხის პარტიამ“ მიიღეს.
წინ 2012 წელი და საპარლამენტო არჩევნებია. ერთმანეთის პირისპირ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აღმოჩნდება.
კომენტარები