პოლიტიკა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდა
2011-12-28 17:22:40
ჩამოტვირთვა
პარლამენტმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტი საბოლოოდ დაამტკიცა. კანონპროექტის განხილვა საკმაოდ მცირე დროში მოხდა. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზღუდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და წესდება ახალი რეგულაციები. ასევე, პროექტის ნოვაციია ისიც, რომ ფინანსური საქმიანობის შეზღუდვები შეეხებათ არა მხოლოდ პარტიებს, არამედ მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, ასევე ნათესავებს.
ფინანსური მონიტორინგი პარტიების ფინანსურ შემოსავლებსა თუ ხარჯებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, კონტროლის პალატას დაეკისრა.
კანონპროექტის თანმდევი იყო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტიც, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა, თუ რა ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად - დღეს მოქმედ კანონთან შედარებით ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ჩაეთვლება.
პოლიტიკურ პარტიებსა და გაერთიანებებს არჩევნების გამოცხადების დღიდან სამ კვირაში ერთხელ, კონტროლის პალატისთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში უკვე დამტკიცებული ცვლილებით, არჩევნების გამოცხადებიდან სამ კვირაში ერთხელ, ყველა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, ვალდებულია, საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგინოს ფინანსური ანგარიში კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმით.
ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების საფინანსო მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალეობის წესს, კონტროლის პალატა დაადგენს.
ახალი რეგულაციები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ცვლილებები გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს შევა ძალაში.
აღნიშნული ცვლილებები მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციისთვის, პარლამენტმა ქდმს მოთხოვნა აღნისნული დარღვევები არა სისხლის სამართლის არამედ ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში შეეტანათ არ გაითვალისწინა
კომენტარები