პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე ოპოზიციური პარტიები საუბრობენ
2011-12-20 18:37:36
ჩამოტვირთვა
გია თორთლაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე და მილიარდერის რუსულ ფულზე უკვე სხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ.
დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან „ქრისიტან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ კოლეგა ოპოზიციონერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ რამდენიმე პარტიამ თავისი პრინციპული მოსაზრებები რადიკალურად ივანიშვილის სასარგებლოდ შეცვალა.
ამ თემაზე დღეს „ლეიბორისტებმაც“ ისაუბრეს. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები რუსეთში იარაღის კონტრაბანდით იშოვა, თუმცა მის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკოსებს ამ ფულის წარმომავლობა არ აინტერესებთ.
უკვე მეორე დღეა დეპუტატი გია თორთლაძე ბიძინა ივანიშვილის რუსულ ფულთან და ქვეყანაში დაგეგმილ პლიტიკურ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით საუბრობს. გია თორთლაძის მწვავე კრიტიკა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ოპოზიციურმა ძალებმა ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიმსახურეს.
"დემოკრატიული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ხელით ებრძვის და ამისთვის მილიარდერი დიდ თანხებს ხარჯავს. დეპუტატის მტკიცებით, საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მილიონები შემოდის და ივანიშვილის ხელით "რესპუბლიკელებს", ირაკლი ალასანიას, კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის პარტიებს, ასევე იმ ექსპერტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ურიგდებათ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში არიან გაერთიანებული და რომელთაც ივანიშვილთან არა იდეური ერთიანობა, არამედ მხოლოდ რუსული მილიარდები აინტერესებთ.
დღეს თორთლაძის განცხადებას პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გამოეხმაურა ალასანიას პარტიის წევრი გია ცაგარეიშვილი. დეპუტატმა თორთლაძის ბრალდებებზე სამართალდამცველების რეაგირება მოითხოვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო დეპარტამენტს მიმართვის მომზადება და პროკურატურაში გადაგზავნა დაავალა.
კომენტარები