პოლიტიკა
რუსეთთან მოლაპარაკებების მე-18 რაუნდი ჟენევაში კვლავ უშედეგოდ დასრულდა
2011-12-19 19:40:25
ჩამოტვირთვა
რუსეთთან მოლაპრაკებების 18–ე რაუნდი ჟენევაში კვლავ უშედეგოდ დასრულდა
რუსეთთან მოლაპრაკებების 18–ე რაუნდი ჟენევაში კვლავ უშედეგოდ დასრულდა. რუსული მხარე უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხების განხილვაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატის სწორედ უსაფრთხოების საკითხების განხილვას ითვალისწინებს და ქართული მხარე ამ თემას მომავალ რაუნდზე კიდევ არაერთხელ დააყენებს.
ჟენევის მოლაპრაკებების 19–ე რაუნდი 28–29 მარტს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო ამ ფორმატში ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. მისივე განცხადებით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის დარეგულირება რთულდება.
2011 წლის მოლაპარაკებების რაუნდზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილებოდა. ასევე მხარეები იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემაზეც მსჯელობდნენ. საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების საკითხის განხილვა. მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები მშვიდობისა და ცეცხლის განუახლებლობის საუკეთესო გარანტიაა.
როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია, ამბობს, დევნილთა უსაფრთხოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვების საკითხებზე შეთანხმების გარეშე, მოლაპარაკებები შედეგიანად ვერ გაგრძელდება.
ჟენევის მოლაპრაკაებების 19–ე რაუნდი უკვე 2012 წლის მარტში გაიმართება და მას ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია უხელმძღვანელებს. მოლაპრაკებების მომდევნო რაუნდზე
საერთაშორისო მისიის შექმნის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების საკითხები კვლავ განიხილება. აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა კონკრეტული გეგმაც წარმოადგინეს, რომლის განხილვაც შემდგომ რაუნდებზე გაგრძელდება.
კომენტარები