2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს დესუვერენიზაციის რუსული გეგმა

ჩამოტვირთვა

„ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, თუკი ამ ომით მიღწეულია წინასწარგათვლილი სამხედრო-პოლიტიკური შედეგი. სხვა შემთხვევაში, ომი წაგებულია და კონკრეტული სამხედრო წარმატება სათვალავში ჩასაგდები არ არის.“ რუსი პუბლიცისტისა და ისტორიკოსის, ბორის ბორისოვის, ეს შეფასება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომს ეხება. რუსული პორტალის „აპნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბორისოვმა პუტინს პოლიტიკური მიზანდასახულობა დაუწუნა და რუსეთს ომში დამარცხებული მხარე უწოდა. ბორისოვი მხოლოდ შეფასებით არ შემოიფარგლა, ღიად განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა საქართველოს სრული დესუვერენიზაციაა, რაც მისი გათვლით, აშშ–ს დესუვერენიზაციასაც განაპირობებს. ,,საქართველოს სრული დესუვერენიზაცია, ამავდროულად, აშშ-ის დესუვერენიზაციაც იქნება, რომელმაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საკუთარ საქმედ მიიჩნია ქვეყნების სუვერენიტეტსა და უფლებებზე ზრუნვა“. რუსი ისტორიკოსი და წარსულზე მეოცნებე ბორისოვი, მხოლოდ შეფასებებით როდი შემოიფარგლება. ის ქვეყნის ხელისუფალთ ,,რუსული ოცნების“ ასრულების რამდენიმე ხერხს სთავაზობს. საქართველოს დესუვერენიზაციის ბორისოვისეული გეგემა ასე ჟღერს: „ერაყის ვარიანტი“ - საქართველოს სრული სამხედრო უკუპაცია, იქ საოკუპაციო რეჟიმის დამყარებითა და კონტროლირებადი რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ხელისუფლების დასმით. „იუგოსლავიის ვარიანტი“ - საქართველოს დაშლა ანკლავებად, რომლებსაც არ ექნებათ საერთაშორისო აღიარება და სადაც ჩადგებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები. „სომალის ვარიანტი“ - ანარქიის მხარდაჭერა და დევიზით „ყველა ყველას წინააღმდეგ“ ომის ინსპირირება.“ საქართველოში კი რუსული გეგმებისა და ოცნებების შესახებ უკვე დიდი ხანია იციან და არც ბორისოვის გეგმა წარმოადგენს სიახლეს. როგორც ექსპერტები და პოლიტიკოსები აღნიშნავენ, ბორისოვის განცხადება მხოლოდ მათთვის არის ნიშანდობლივი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს დესუვერენიზაციას არ ცდილობს. როგორც საქართველოში აღნიშნავენ, ბორისოვის გეგემა საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან არაერთხელ გადამუშავდა, თუმცა რუსეთის ოცნება, მცდელობის მიუხედავად, აუხდენელი რჩება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ერთხმად აღიარებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი ისიცაა, რომ ბორისოვის ამ სტატიას საკმაოდ სერიოზული და რეიტინგული ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს, რუსული პორტალის რედაქცია არ ერიდება სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული დაპირისპირებისკენ აშკარა მოწოდებების გაჟღერებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები