მსოფლიო
ყრილობა ფილარმონიაში, საბჭოთა რიტორიკისა და რეპ-კომპოზიციების თანხლებით
2011-12-12 12:11:36
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნება“ აღსრულდა - დღეს ქართველთა მესიამ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართა. სცენაზე პირველად ბერა ივანიშვილი ავიდა და ძველი ინტელიგენციის წარმომადგენლებით გადავსებული დარბაზი კაცობასა და ქართულ ოცნებაზე სიმღერით აღაფრთოვანა. ბერას რეპი, პოლიტიკურ-ფილოსოფიური განცხადებები და მონოტონური გამოსვლები დღევანდელ შეკრებას ლაიტ-მოტივად მიყვებოდა.
ბერას სიმღერის შემდეგ, სცენაზე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები მონაცვლეობით ადიოდნენ. ტრიბუნა დარბაზის ცენტრში, წინასწარდაგეგმილი ემოციურობით აღსავსე მომხსენებლები და მექანიკური აპლოდისმენტები თითოეული გამომსვლელის სიტყვის ბოლოს - ეს ყველაფერი კომუნისტების ძველ შეკრებებს მოგაგონებდათ.
ტრიბუნასთან პირველი რატი ამაღლობელი გამოჩნდა. მან ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ფილოსოფიაზე ისაუბრა. პოეტი დიდი მონდომებით ცდილობდა, ილია ჭავჭავაძესა და ივანიშვილს შორის პარალელები გაევლო.
პრეზენტაციაზე შეკრებილთა შორის იყვნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მერაბ კოკოჩაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გოგი ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილი. ივანიშვილის ღონისძიებაზე ქსენოფობიური გამონათქვამებით ცნობილი რობერტ სტურუაც გამოჩნდა.
პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შორის ერთ-ერთი პირველი ირაკლი ალასანია მივიდა, თუმცა მოწონებულ პარტიებს შორის დასახელებული ეროვნული ფორუმი პრეზენტაციაზე არ გამოცხადდა. სამაგიეროდ, ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკურად არააქტიური პიროვნებები, ძველი სახეები, თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა, გია მაისაშვილი და დავით თევზაძე.
მომდევნო გამომსვლელები დიდი მონდომებითა და წინასწარმომზადებული ტექსტებით ცდილობდნენ, ივანიშვილის გულის მოგებას. პოეტმა ნაირა გელაშვილმა თავის მონოლოგი ბიომრავალფეროვნებასა და შველზე ნადირობას დაუთმო. თუმცა მას არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დავიწყებია. პოეტმა ქალმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობა შეუძლებელია.
მომდევნო გამომსვლელი, რომელიც ფურცელზე დაწერილი ტექსტით გამოჩნდა, კახი კალაძე იყო. კალაძის გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრებიდან წამოსვლის შესახებ, პუბლიკა ტაშის გრიალით შეხვდა. ამას მოყვა პრეზენტაციის სხვა მთავარი გმირების გამოსვლები, რომლებმაც საბჭოთადროინდელი რიტორიკითა და შესაშური მლიქვნელობით გამოიჩინეს თავი.
რაც შეეხება თავად ოლიგარქს, მისი გამოსვლის ტექსტიც წინასწარ იყო დაწერილი. მართალია, ივანიშვილს ფსიქოანალიზსა და ბავშვის აღზრდაზე არ უსაუბრია, თუმცა, ტრადიციულად, მედია გააკრიტიკა და ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ბიძინა ივანიშვილის ღონისძიებებზე რომ ჟურნალისტების შესამოწმებლად უპრეცენდენტო ზომებს მიმართავენ, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. მართალია, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დროს, დეტექტორით არავინ შეუმოწმებიათ, თუმცა მედიის წარმომადგენლებს სპეციალური აკრედიტაციები დაურიგეს, სადაც ჟურნალისტის საქმიანობის პერიმეტრი მკაცრად იყო მითითებული და სხვა მიმართულებით გადაადგილებისა და მუშაობის უფლება არ ჰქონდა.
„ქართული ოცნების“ პრეზენტაციას თვალს ივენთ ჰოლის მიმდებარე ტერიტორიიდანაც ადევნებდნენ. თუმცა იმის გამო, რომ დარბაზში ვერ მოხვდნენ, უკმაყოფილო მოსახლეობამ ფილარმონია დატოვა.
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ დაარსება, რუსული ბეგრაუნდით, ოჯახურ ღონისძიებას დაემსგავსა. ოლიგარქისათვის თავის მოწონების მსურველები ბერას რეპ-კომპოზიციებს მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოვებდნენ. საბოლოოდ, „ქართული ოცნება“ მლიქვნელური მონოლოგებისა და აღტაცებული მომხსენებლების წინასწარდაწერილი ტექსტების ფრიალში აღსრულდა.
კომენტარები