პოლიტიკა
გაყალბებული არჩევნების გამო რუსეთში არეულობა დაიწყო
2011-12-07 22:59:18
ჩამოტვირთვა
რუსეთში გაყალბებული არჩევნების გამო არეულობა დაიწყო. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გამართული მიტინგები მილიციამ დაარბია და 500 ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და აქციაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ დემონსტრაციის ახალი თარიღი დაასახელა. 10 დეკემბერს ქვეყანაში აქციების ახალი ტალღა იწყება.
შეერთებული შტატების, ეუთო-სა და სხვა გავლენიანი ორგანიზაციების შემდეგ არასამართლიანი არჩევნების გამო კრემლს უკვე ევროკავშირი, ევროპარლამენტი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები დაუპირისპირდნენ.
რუსული ოპოზიცია ევროპას დახმარებას და მასშტაბური გაყალბების გამო ადეკვატურ რეაგირებას სთხოვს. 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე ევროპას ინფორმაციას ბრიუსელში საგანგებოდ ჩასული გარი კასპაროვი, ადამიანის უფლებების დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები აწვდიან.
რუსმა ოპოზიციონერებმა ევროპელ კანონმდებლებს სამსაათიანი შეხვედრის დროს მოუწოდეს, არ აღიარონ ქვეყანაში 4 დეკემბერს ჩატარებული არასამართლიანი არჩევნები და ხმა აიმაღლონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკუსვლის პროცესთან დაკავშირებით.
რუსულმა დელეგაციამ დასავლეთს სთხოვა, ლუკაშენკოს მთავრობის მსგავსად, მედვედევი-პუტინის ტანდემს და რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესონ, მაგალითად, ევროპული ვიზების მიღებაზე.
კომენტარები