პოლიტიკა
რუსეთში არჩევნების პარალელურად 200-მდე ადამიანი დააკავეს
2011-12-05 13:04:33
ჩამოტვირთვა
მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე გუშინ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. "ბი-ბი-სის"ცნობით, ამის შესახებ ოპოზიციური მოძრაობა "დრუგაია რასიას" წარმომადგენლები იუწყებიან. 12 ადამიანი სამართალდამცავებმა მანეჟის მოედანზე, არასანქცირებული აქციის გამართვისას დააკავეს.
ტრიუმფალურ მოედანზე აქციის მონაწილეები ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, წითელ მოედანზე კი პლაკატებით აღჭურვილები შეიკრიბნენ. შედეგად პოლიციამ მომიტინგეების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები კი მიტინგისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს, მათ შორის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი. სასამართლომ მას ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებებით დასრულდა საპროტესტო აქციები სანკტ-პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდშიც. 50-ზე მეტი ადამიანი სანკტ-პეტერბურგში, ხოლო 10 ნიჟნი ნოვგოროდში აიყვანეს.
საარჩევნო უბნებზე გუშინ "რია ნოვოსტის" და "ასოშეითედ პრესის" ფოტოკორესპონდენტები და "ბი-ბი-სის" ტელეოპერატორიც დააკავეს, თუმცა, გადაღებული მასალის შემოწმების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
მოსკოვის ცენტრი ამ დრომდე პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ რჩება. მობილიზებულია ძალოვანი უწყებების 51 500 თანამშრომელი.
კომენტარები