პოლიტიკა
ალა ჯიოევა და მისი მომხრეები ედუარდ კოკოითის გადადგომას ითხოვენ
2011-12-03 16:29:40
ჩამოტვირთვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა და მისი მომხრეები მოქმედი "პრეზიდენტის", ედუარდ კოკოითის გადადგომას ითხოვენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მიხაილ ხანიკაევის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად სცნო და განმეორებითი არჩევნები 25 მარტისთვის დანიშნა.
"ჩვენ არ ვართ ვალდებული, ედუარდ კოკოითი 25 მარტამდე ავიტანოთ. ჩვენ ამ მოთხოვნებს მოლაპარაკების დროს დავაყენებთ",-განაცხადა ხანიკაევმა.
ამასთან, ჯიოევას მომხრეები აპირებენ, მისი, როგორც პრეზიდენტის ინაუგურაცია 10 დეკემბერს გამართონ.
ალა ჯიოევა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკუთარ თავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად მიიჩნევს. ჯიოევას მომხრეები ცხინვალის ცენტრში თავიანთი კანდიდატის პრეზიდენტად აღიარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ალა ჯიოევასთან ერთად საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ანატოლი ბიბილოვიც ცდილობდა. ორივე კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვა.
არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნების შედეგები მეორე დღისთვის იქნებოდა ცნობილი, მაგრამ ჟურნალისტებთან სასაუბროდ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი გამოვიდა, რომლის განცხადებითაც, სასამართლომ ჯიოევას მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვის, უკანონო აგიტაციის და სხვა დარღვევების შესახებ მიიღო საჩივრები, რის გამოც, არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდა.
კომენტარები