2 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საარჩევნო სკანდალი და სამოქალაქო ომის საფრთხე ცხინვალში

ჩამოტვირთვა

ოკუპირებულ რეგიონში, არალეგიტიმურ, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე, ორი დაპირისპირებული კლანი ე.წ პრეზიდნეტის პოსტისთვის ამ დრომდე უშედეგოდ იბრძვის. უკვე მესამე დღეა, ცხინვალში სამოქალაქო მღელვარება არ ცხრება... ალა ჯიოევას მომხრეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ბარანკევიჩის თქმით, თუ უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ჯიოევას მომხრეები ათი ათასამდე ხელმოწერას შეაგროვებენ. ამჟამად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე 50 ადამიანი იმყოფება. ედუარდ კოკოითის გადადგომისა და ხელისუფლების ჯიოევასთვის გადაცემის მოთხოვნით მიტინგი ცხინვალში, დე-ფაქტო მთავრობის შენობის წინ, 30 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოსალოდნელ არეულობაზე პასუხისმგებლობა ჯიოევამ საბჭოსთან ერთად პირადად ედუარდ კოკოითის დააკისრა. ამის გამო, ის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. გენპროკურორმა ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დადანაშაულა. სიტუაციას ისიც ართულებს რომ კრემლმა ცხინვალის ცენტრში ჯავშანტექნიკა და ომონი განალაგა, ქალაქის ცენტრში ყველა სახლის სახურავზე სნაიპერები არიან მობილიზებული, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოლაპარაკება კრემლის ფავორიტსა და ოპოზიციას შორის ჩიხში შევიდა. ალა ჯიოევამ მხარდამჭერებთან ერთად კარვების ქალაქი გაშალა, მოთხოვნები უცვლელია - დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი აღიარებას მოითხოვს, კოკოითს ულტიმატუმს უყენებს და ერთდღიან ვადას აძლევს. „თუ არსებობს ეჭვი, რომ რუსეთში მოსალოდნელი არჩევნები ფარსი იქნება, ეს ეჭვი სწორედ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს უნდა ეყრდნობოდეს, „- ასე კი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ჩატარებულ ე.წ არჩევნებს სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ეს სეპარატისტული სახელმწიფო საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, რომლის ოკუპაციაც რუსული ჯარის მიერ გრძელდება, საინტერესოა რომ როდესაც კრემლის მიერ გამორჩეული კანდიდატი ბიბილოვი არჩევნებში დამარცხდა, რუსეთის მარიონეტული ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ის უკანონოდ ცნო და შედეგები გააუქმა, ხოლო რუსი პარლამენტარები და ოფიციოზი დაეთანხმა ამ ანულირებას“ - ნათქვამია სენატორის განცხადებაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა საქათველოში, ჯონ ბასმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. ჯიოევასა და ბიბილოვის დაპირისპირებას თბილისშიც გამოეხმაურნენ... გიორგი ბარამიძის თქმით ნებისმიერ უკანონობასა და არსტაბილურ ვითარებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ოკუპანტი მხარეა. ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, მიუსედავად იმისა, რომ ჯიოევასა და ბიბლოვს შორის მწვავე დაპირისპირება არსებობს, იქამდე სანამ ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, ორივე კანდიდატი პრორუსული პოლიტიკის მატარებელი იქნება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ჯიოევას კანდიდატურის გამარჯვების შემთხვევაში, ოსურ და ქართულ მხარეს შორის ორმხირივი დიალოგი შედგება, რთულია. გამოსავლის ძიების პარალელურად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა მატულობს. კრემლი არჩევანის წინაშე დგას - ან პოზიციები უნდა დათმოს, ან ცხინვალი სამოქალაქო ომში ჩაითრიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები