პოლიტიკა
კონფრონტაციის მეორე დღე “მაესტროსთან”
2011-12-01 18:18:06
ჩამოტვირთვა
უკვე ორი დღეა ტელოეკომპანია მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ტელევიზიის შენობა 30 ნოემბრის დილიდან მოყოლებული პარალიზებულია და მაესტროს ყველა ჯურნალისტი საგანგებო რეჯიმში მუშაობს, მიზეზი კი ტელევიზიის შენობის საბრძოლო პოლიგონად გადაქცევა. 2 დაპირისპირებული მხარე შენობის ორ სხვადასხვა ნაწილშია გამაგრებული - პირველ სართულზე კარავი კიწმარიშვილის ამალამ დასცა ხოლო მეორე სართულს კი ისევ ღლონტი და მისი თანამოაზრეები ეპატრონებიან. ღამე ორივე მხარემ ამ შენობაში გაათენა, თუმცა, მეზობლები ერთმანეთს მხოლოდ სატელევიზიო ეთერით მიმართავენ.
დილის 12 საათი, მამუკა ღლონტი საკუთარი ტერიტორიიდან, სპეციალურ განცხადებას აკეთებს, ადრესატი უცვლელია, მაესტროს გენერალური პროდიუსერი კიწმარიშვილს მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს.
"მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი არხის პროდიუსერს განცხადებიდან რამოდენიმე საათში პასუხობს. კიწმარიშვილი ღლონტს საპასუხოდ ბლოკირებული ტელევიზიის შენობის დატოვებას ურჩევს.
რამოდენიმე საათში ტელეკომპანია მაესტროს ტერიტორიაზე, არხის ერთ–ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე გამოჩნდა. ჩიკვაიძე ტელევიზიის ტერიტორიაზე შესვლას რამოდენიმე წუთის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა. მმართველი კომპანიის მფლობელ კიწმარიშვილსა და ჩიკვაიძეს შორის მოლაპარაკების პროცესი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩიკვაიძე შეხვედრიდან გარკვეული ნოვაციებით დაბრუნდა, ეროსი კიწმარიშვილის კაბინეტიდან გამოსული, არხის ერთ–ერთი დამფუძნებელი აცხადებდა, რომ მათ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა.
რამოდენიმე საათში ჟურნალისტებთან გამოჩენა და განცხადების გაკეთება ეროსი კიწმარიშვილმაც გადაწყვიტა, "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი კვლავ მამუკა ღლონტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კიწმარიშვილმა მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ერთი პირობით.
როდესაც ტელეკომპანია მაესტროს ეზოში კიწმარიშვილი განცხადებას აკეთებდა, შენობის გარეთ სასტვენებით შეიარაღებული პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები სოლიდარობის აქციას მართვადნენ...
ტელეკომპანიის ირგვლივ არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით,კი კოალიციის "მედია ადვოკატირებისთვის" რამდენიმე წარმომადგენელი, ელისო ჩაფიძე, ნინო ზურიაშვილი და თამარ კორძაია, ტელეკომპანიაში მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან და დამფუძნებლებთან შესახვედრად შევიდნენ.
სოლიდარობის აქციის პარალელურად კი მაესტროს ჟურნალისტების სახელით, ტელეკომპანიის სახემ თეა სიჭინავამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ჟურნალისტებმა მხარეებს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდეს. თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაესტროს რეპორტიორები, ეროსი კიწმარიშვილის არხის ტერიტორიაზე ყოფნას მიუღებლად მიიჩნევენ და მას ტელევიზიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის მაესტროს ტერიტორიაზე, ორმხრივი მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციების თანხლებით მიმდინარეობს.
კომენტარები