2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მღელვარება და აურზაური „მაესტოროსთან“ - დილიდან დაბინდებამდე...

ჩამოტვირთვა

ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია მაესტროს ეზოში არა კარის, არამედ ღობის გავლით მოხვდა. რამდენიმე მეტრიან ღობეზე გადაძრომის შემდეგ კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის შენობაში შესვლა მოახერხა, არხის დამფუძნებლების სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო და საეთერო სტუდია დაიკავა. რამდენიმე წუთში მაესტროს შესასვლელთან მისულმა ტელეკომპანიის გენერალურმა პროდუსერმა, მამუკა ღლონტმა, მისივე კოლეგის, ლევან ჩიკვაიძის, მიერ გამოძახებულ საპატრულო პოლიციას, ეროსის მსგავსად, ღობეზე გადაძრომის უფლება ან კიწმარიშვილის დასჯა მოსთხოვა. როგორც მოგვიანებით ეზოში გამაგრებულმა კიწმარიშვილმა განმარტა, მან ღლონტი და ჩიკვაიძე მაესტროს მართვის კომპანიის უფლებამოსილების დარღვევისა და გაფლანგული მილიონების გამო დაითხოვა. რამდენიმე წუთში შენობაში გამაგრებულმა მხარემ კიწმარიშვილმა და შენობაზე მოიერიშე ღლონტმა როლები გაცვალეს, ღლონტი მაესტროს ეზოში შეიჭრა, ლევან ჩიკვაიძემ საეთერო ჩაკეტა და გასაღები გადააგდო. ამჯერად ეროსი კიწმარიშვილი მაესტროდან მამუკა ღლონტმა დაითხოვა. ამ შეხლა-შემოხლის შემდეგ, ღლონტი შენობაში მეორე სართულზე გამაგრდა და გათიშული პირდაპირი ეთერი აღდგა, კიწმარიშვილისათვის საეთეროს კარი შიგნიდან ჩაიკეტა და ეს უკანასკნელი ჯერ ეზოში ბოლთის ცემას, შემდეგ კი პირველ სართულზე ბანაკის დაცმას დასჯერდა. სიტუაცია ტელეკომპანია მაესტროში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი კვირის წინ კიწმარიშვილმა პირდაპირ ეთერში მაესტროს ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილისადმი ეიფორიულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. იგივე გაიმეორა კიწმარიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა უარყო, რომ მას როგორც ქართული პარტიის ლიდერს, მაესტრო არამხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ მომავალ კონკურენტთან, ბიძინა ივანიშვილთან, საბრძოლველად სჭირდება და კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ მისი გაღიზიანება მხოლოდ მაესტროსთვის ფუჭად დახარჯულმა 4 მილიონ ნახევარმა და გადამეტებულმა უფლებამოსილებამ გამოიწვია. „მაესტროში“ ატეხილი შიდა აჟიოტაჟით, ტელეკომპანიის ეზოსა თუ ეთერში კორპორატიული განხეთქილებითა და, ზოგადად, განვითარებული მოვლენებით პოლიტიკოსებიც დაინტერესდნენ. მაესტროს ოფისთან ის პოლიტიკური ფიგურები გამოჩნდნენ, რომელთა შესახებ კიწმარიშვილმა ამავე არხის ეთერში 15 ნოემბერს ისაუბრა. თავად არხის თანამფლობელმა ლევან ჩიკვაიძემ დღის ბოლოს ფიასკოს შემთხვევაში კავკასიაზე გადასვლის სურვილი გააჟღერა. სინქრონი საერთო ორომტრიალში რეჟისორმა ზაზა სვანაძემ სტილს არ უღალატა და მაესტროს ეთერში შეჭრის აღთქმა დადო. გაურკვევლია, ოფიციალურად ვისი საკუთრებაა მაესტრო და ვის აქვს ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებების ჩატარების, დადებული კონტრაქტებისა თუ სიტყვიერი შეთანხმების გაუქმების უფლება. კიწმარიშვილი ღლონტსა და ჩიკვაიძეს შენობის დატოვებას სთხოვს და არსად აპირებს წასვლას, ღლონტი კი კვლავ საეთეროშია აგამაგრებული და კიწმარიშვილს სასამართლოთი ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები