პოლიტიკა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ რუსეთის მარიონეტებს ზურგი აქცია
2011-11-28 19:18:17
ჩამოტვირთვა
ე.წ სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. რუსეთის მხრიდან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამომრჩეველთა 56,74%-მა მხარი ალა ჯიოევას დაუჭირა. რუსეთის კანდიდატად მიჩნეულ ბიბილოვს კი ხმების 40% დაუგროვდა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება ოსეთში მიმდინარე არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს. საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში თვლიან, რომ ოსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დე ფაქტო პრეზიდენტის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
ექსპერტ ვასილ ჭყოიძის აზრით ე.წ სამხრეთ ოსეთის არჩევნების შედეგმა თვალსაჩინო გახადა ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის კანდიდატებისა და მთლიანად პოლიტიკის მიმართ ნდობა დაკარგა და მათი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა.
ვასილ ჭყოიძის მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი სოსო ცინცაძეც. მისი თქმით ოსები, ისევე როგორც წლების წინ აფხაზები რუსეთის მარიონეტებისგან დაიღალნენ. ცინცაძისავე განცხადებით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, შესაძლოა, შეიქმნას ხელსაყრელი ფონი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ახალი შინაარსის მოლაპარაკების დასაწყებად.
ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიბილოვი დამარცხებას არ აღიარებს. რა პოზიციას დაიკავებს კრემლი საკუთარი კანდიდატის კრახის შემდეგ და ეცდება თუ არა ბიბილოვი არჩევნების შედეგების გაუქმებას ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები