პოლიტიკა
პარლამენტში დღეს მინისტრებს მოუსმინეს
2011-11-24 21:53:37
ჩამოტვირთვა
დღეს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა. დეპუტატებმა ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის განხილვის შემდეგ, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმინეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამთავრობო გუნდს კითხვები წინასწარ გაუგაზავნეს. პირველი ტრიბუნაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ავიდა.
ალექსანდრე ხეთაგურმმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხუდონჰესისა და ნამახვანჰესის თემაზეც ისაუბრა. ხეთაგურის ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება, ხოლო ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და მშენებლობა კონკურსის ჩატარებისთანავე დაიწყება. მინისტრის განცხადებით, ნამახვანჰესი გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით ყველაზე შესწავლილი ობიექტია.
ალექსანდრე ხეთაგურმა გამოსვლის დამთავრების შემდეგ ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.
ენერგეტიკის მინისტრის შემდეგ ტრიბუნაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ავიდა.
ჯანდაცვის მინისტრმა სამთავრობო საათზე განსაკუთრებული ყურადღება პენსიის ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა. ანდრია ურუშაძის განცხადებით, მომავალი წლის სექტემბრიდან, 67 წელს ზემოთ მოქალაქეთათვის პენსიის ოდენობა, 140 ლარამდე გაიზრდება. გამოსვლის დამთავრების შემდეგ კი მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
ანდრია ურუშაძე პარლამენტში ტუბერკულოზის ცენტრში კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებსაც გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში კორუფცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, რომელთა მიმართაც ბრძოლა გრძელდება. დღეს დეპუტატებმა, ენერგეტიკისა და ჯანდავცის მინისტრების გარდა, ეკონომიკის მინისტრსაც მოუსმინეს. ხვალ კი პარლამენტში საქართველოს პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს ელოდებიან.
კომენტარები