მსოფლიო
კრჟიშტოფ ლისეკი: „ევროპარლამენტმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს!“
2011-11-18 18:13:46
ჩამოტვირთვა
საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც კანონის უზენაესობას იზიარებს - ეს განცხადება ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, კრჟიშტოფ ლისეკმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს როგორც წარმატებულ პარტნიორს, რომელიც ეფექტურად ახორციელებს რეფორმებს. ჩვენ 6 პარტნიორი გვყავს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს შორის. შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ხართ ამ ექვსიდან ორ ლიდერს შორის, რომელიც რეფორმებს ახორციელებს’’.
ლისეკი გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება. ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართელოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის საქმეში.
"ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ელოდებოდა ევროპარლამენტის ამ განცხადებას. პარლამენტის 90 პროცენტზე მეტმა, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელმა ხმა მისცა და დაეთანხმა ტერმინს ოკუპაცია. ვფიქრობთ, რომ ახლა არის დრო ყველა მოვლენას საკუთარი სახელი დაერქვას. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან სწრაფად გაიყვანონ, ისევე სწრაფად, როგორც არის შესაძლებელი,"
მოხსენების ბოლოს კრჟიშტოფ ლისეკმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ქეთრინ ეშტონსა და ევროკავშირის ძირითად სტრუქტურებს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების იძულებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტარის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს.
ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი, საქართველოს 19 ნოემბერს დატოვებს.
კომენტარები