პოლიტიკა
ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს
2011-11-14 15:06:16
ჩამოტვირთვა
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის, პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს.
"საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 13 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეს განცხადება არის შეხსენება, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ ტერიტორიის კონსტიტუციურ და კანონიერ ფარგლებს, რომელშიც არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო ნორმების მიხედვით. ევროკავშირი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" გუშინ გაიმართა. პირველ ტურში ანატოლი ბიბილოვი 25,44%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 25,37%-ით ალა ჯიოევაა. მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
კომენტარები