პოლიტიკა
ნატოს დელეგაციის ვიზიტის პირველი დღე თბილისში
2011-11-10 00:22:15
ჩამოტვირთვა
საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დოკუმენტი - ამ და სხვა სტრატეგიულ საკითხებზე დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან ერთად გახსნა.
ანდერს ფოგ რასმუსენის გარდა, თბილისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28 წევრი ქვეყნის მუდმივი ელჩები ესტუმრნენ. ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად უცხოელი ჟურნალისტებიც ჩამოვიდნენ.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენცია მოეწყო, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა. ჟურნალისტებს ანდერს ფოგ რასმუსენისათვის შეკითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.
კონსტრუქციული და ნაყოფიერი შეხვედრა - ასე შეაფასეს უმრავლესობის წევრებმა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველომ და ნატომ ერთმანეთს ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამოართვეს.
ნატო-საქართველო კომისიის სხდომაზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნა, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი პირი საქართველოში ორ დღეს დარჩება. ვიზიტის მეორე დღეს რასმუსენი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შეხვდება. ნატოს გენერალური მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს, დღის ბოლოს კი ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
კომენტარები