2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რასმუსენის ვიზიტის მოლოდინები თბილისში

ჩამოტვირთვა

თბილისი ნატოს გენერალური მდივნის დასახვედრად ემზადება. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, ანდერს ფოგ რასმუსენი დედაქალაქში ნატოს მთავარი მმართველო ორგანოს - ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად ესტუმრება. ვიზიტის პირველ დღეს რასმუსენი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდება. სასტუმრო რედისონში გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას, საქართველოს პრემიერ–მინისტრი უმასპინძლებს, მოგვიანებით კი ის, ნატოს ელჩებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, დღის ბოლოს კი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან.. ვიზიტის მეორე დღეს ბათუმში რასმუსენს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. ნატოს გენერალური მდივნის ორდღიან ვიზიტს უკვე აქტიურად აფასებენ საქართველოს ხელისუფლებაში. ნინო კალანდაძის თქმით, ვიზიტი დატვირთული იქნება ორმხრივი შეხვედრებით და განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გეგმებს ეხება. ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ საქართველოს პარლამენტშიც. ჩიკაგოს სამიტის წინ, ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ჩამოსვლას, მიესალმებიან როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებიც. მათი განცხადებით, ამ დონის სტუმრის საქართველოში ჩამობრძანება, მსოფლიო თანამეგობრობისათვის სერიოზული მესიჯი იქნება. ექსპერტი ვასილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ამ ვიზიტის შედეგად, საქართველო მკვეთრ მესიჯებს მიიღებს და გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთდება მკაფიო აქცენტები, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში, კიდევ უფრო დააჩქრებს. ვიზიტის ფარგლებში, ანდერს ფოგ რასმუსენი ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლასა და ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრასაც გეგმავს. საუბარი შეეხება სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას. ნატო–ს გენერალური მდივანი გაეცნობა და შეაფასებს იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ტარდება. 2009 წლის შემდეგ, რასმუსენი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები