მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმენები რუსეთს ვმო-ში არ უშვებენ
2011-11-05 16:02:51
ჩამოტვირთვა
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე რუსეთს მორიგი დაბრკოლება შეექმნა. ამჯერად ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას აშშ-ის ორივე პარტიის წარმომადგენელი ბიზნესმენების ჯგუფი ეწინააღმდეგება. მათ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სთხოვეს, რუსეთი დაავალდებულოს ვმო-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების შეთანხმებას შეუერთდეს, - ამის გარეშე აშშ-ის ინტერესები დაუცველი იქნება.
შეთანხმება მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე ყველა სახის საბაჟო გადასახადის განულებას ითვალისწინებს - ასეთი ვალდებულებები რუსეთს ვმო-სთან დაკავშირებული სხვა შეთანხმებების ფარგლებშიც აქვს ნაკისრი, მაგრამ როგორც კონგრესმენები აცხადებენ, ეს არასაკმარისია.
"შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ აშშ-ის მაღალტექნოლოგიური პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს და მზარდ რუსულ ბაზარზე საბაჟო გადასახადებით არ იბეგრებოდეს. თუ ეს ასე არ იქნება, ამერიკული კომპანიები რუსეთში, რომლებიც ამერიკულ ტექნოლოგიურ პროდუქციას იყენებენ, სერიოზულ სირთულეებს წააწყდებიან", - აღნიშნულია პრეზიდენტისადმი კონგრესმენების მიმართავში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ შეთანხმება ვმო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა პირველ კონფერენციაზე 1996 წელს სინგაპურში მიიღეს. შეთანხმება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტებზე საბაჟო ტარიფების თანდათანობით შემცირებას, ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან სრულ გაუქმებას ითვალისწინებდა.
კომენტარები