პოლიტიკა
კრემლს საქართველოს პირობებზე დათანხმება მოუწია
2011-11-04 13:49:55
ჩამოტვირთვა
რვადღიანი ფიქრის შემდეგ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას შეთავაზებული პირობებით დათანხმდა. ამერიკისა და ევროპის ზეწოლის შედეგად, კრემლმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტში დაფიქსირებულია საქართველოს ყველა პრინციპული მოთხოვნა. მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მონიტორინგს უცხოელი დამკვირვებლები განახორციელებენ. ამასთან მოხდება ინფორმაციის ელქტრონული გაცვლა. ამ შეთანხმებით, 1993 წლის შემდეგ პირველად ხდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტვირთების მონიტორინგი.
შვეიცარიის შუამდგომლობით მიმდინარე მოლაპარაკების დეტალების დასაზუსტებლად საქართველოს დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საერთაშორისო მონიტორები სამ სავაჭრო კორიდორში განთავსდებიან. შეთანხმებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას რუსული სააგენტოებიც ავრცელებენ. რუსეთის დელეგაციის ხემძღვანელ მაქსიმ მედვედკოვის განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთებით ვაჭრობის ადმინისტრირებას.
საქართველოს საზღვარს ვერცერთი ტვირთი უკონტროლოდ ვეღარ გადაკვეთს. მოლაპარაკების რამდენიმეთვიანი პროცესი ქართული მხარისთვის წარმატებულად დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც მასში საქართველოს ინტერესები გაითვალისწინეს. რუსულმა სააგენტოებმა კრემლის ტანხმობის შესახებ მაქსიმ მედვედკოვის განცხადება გვიან ღამით გაავრცელეს.
“ქართულმა და რუსულმა დელეგაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთებით ვაჭრობის ადმინისტრირებას, ამბობს მედვედკოვი. შეთანხმებული პროექტი არ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს. დოკუმენტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი კომპანიის ჩართვას სავაჭრო მონაცემების აუდიტში. აღნიშნული კომპანია ასევე დაეხმარება რუსულ და ქართულ საბაჟო სამსახურებს ადმინისტრირებაში.“
ის, რომ რუსეთში გადაწყვეტილების მიღებაზე ერთ კვირაზე დიდხანს იფიქრეს, თბილისში არ უკვირთ. რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა არც ოკუპირებულ რეგიონების ტერიტორიებზე მოძრავი ტვირთების გაკონტროლება და არც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ირიბად ცნობა.
ამ გადაწყევტილების შემდეგ რუსეთი ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცა. ასე მიღწეულ შედეგს ქართველი ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ ფორმით შესვლა, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების პერსპექტივას ქმნის.
როკის გვირაბზე ნებისმიერი სახის კონტროლის შემოღების წინააღმდეგია – ოკუპირებული ცხინვალი. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.უწყების ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელის, მურატ ჯიოევის თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საქართველოს პრეტენზია როკის გვირაბის კონტროლზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, მისი განცხადებით, ეს ზონა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს წარმოადგენს. ანალოგიური შეფასება გააკეთეს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყებაშიც. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს გაიმართება. რუსეთის წევრობის საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები 15 დეკემბერს მიიღებენ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას, რუსეთი უკვე 18 წელია უშედეგოდ ცდილობს.
კომენტარები