0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი 15 დეკემბერს გადაწყდება

ჩამოტვირთვა

საქართველოს საბაჟო კონტროლის დამყარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვარზე, ვმო-ში ჩვენი გაწევრიანების პირობად არ განიხილება. ეს განცხადება დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, არკადი დვორკოვიჩმა, „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უწინდებურად სუვერენულ სახელმწიფოებად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ რუსეთი საზღვარზე საერთაშორისო მონიტორების დაშვებას არ შეეგუება. რა მექანიზმებზე საუბრობენ კრემლში ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტია , რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარული მხარის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს ქართული მხარე დათანხმდა. სწორედ ამიტომ შეთავაზების დეტალებს, რუსი კანონმდებლებისგან განსხვავებით, ქართველი დეპუტატები განმარტავენ. თბისლისში ამბობენ, რომ ეს არის კომპრომისული შემოთავაზება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება, საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა და ის სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იყოს და, ამავდროულად, საქართველოს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნაა. ასე ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხსა და კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებას ქართველი ექსპერტები აფასებენ. მიიჩნევენ, რომ პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთი მსო-ს წევრის სტატუსს ვერც 2012 წელს მიიღებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოსკოვის პოზიციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, მიშელინ კალმი-რეიმ იმსჯელეს. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ბათუმში შედგა. მიშელინ კალმი-რეიმ სააკაშვილს შვეიცარიის მიერ შეთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის თაობაზე რუსეთის მხარის დამოკიდებულება გააცნო. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, როგორია მოსკოვის პოზიცია. ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს არის ჩანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე, 15 დეკემბერს გადაწყვეტს. რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას დასრულდა. ოფიციალურმა მოსკოვმა ორგანიზაციის წევრობის განაცხადით, ვმო-ს პირველად 1993 წელს მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები