მსოფლიო
თბილისი მოსკოვის პასუხის მოლოდინშია
2011-10-28 09:19:21
ჩამოტვირთვა
საქართველოსა და ევროკავშირის პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა. ქართული მხარე კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის მიერ შემოთავაზებულ პროექტზე დათანხმების შემდეგ, ოფიციალური რუსეთის პასუხის მოლოდინშია.
მოსკოვმა შვეიცარიის ინიციატივა ორშაბათამდე უნდა განიხილოს. შუამავალი ქვეყნის, შვეიცარიის, ინიციატივის მიხედვით, არ ირღვევა ქართული მხარის პრინციპული მოთხოვნა - საქართველო რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე - ოკუპირებულ ტერიტორიებთან ტვირთების მოძრაობას საერთაშორისო მონიტორები გააკონტროლებენ.
ინიციტივის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფთან ხელშეკრულებას ევროკავშირი ან თავად შვეიცარია გააფორმებს.
ამასთან, რუსეთში აცხადებენ, რომ ისინი ეცნობიან მიწოდებულ წინადადებას და უახლოეს მომავალში წარადგენენ თავის პოზიციას ამ საკითხზე.
ამ თემაზე ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, მიშელინ კალმი რეიმ.
მხარეებმა მთელი რიგი საერთაშორისო პრობლემები განიხილეს, მათ შორის შვეიცარიის შუამავლობის ასპექტები რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება“ - ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის განცხადებაში. საუბარი შვეიცარიის მხარის ინიციატივით შედგა.
კომენტარები