მსოფლიო
ნატო უახლოეს საათებში ლიბიის ოპერაციის შეჩერების შესახებ დეკლარაციას გააფორმებს
2011-10-21 18:12:43
ჩამოტვირთვა
ნატო-ს გენერალური სამდივნოს წევრები ლიბიის საჰაერო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციას გააფორმებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC News–ი ავრცელებს. BBC-ს ცნობით, ოპერაციის შეჩერების შესახებ დეკლარაცია უახლოეს საათებში გაფორმდება.
ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სპეციალური მიმართვა გაავრცელა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელშიც შეიარაღებული დაპირისპირების დასრულებისა და მომავალში ლიბიელი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა.
"42-წლიანი მმართველობის შემდეგ მუამარ კადაფის რეჟიმმა არსებობა დაასრულა. მე მოვუწოდებ ლიბიელ ხალხს, განზე გადადონ თავისი განსხვავებულობა, განსხვავებული შეხედულებები და უკეთესი მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად ერთად იშრომონ", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიმართვაში.
ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი, გუშინ, სირტში, ერთ-ერთი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ლიბიაში მეამბოხეებსა და კადაფის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კადაფის ლიკვიდაციასა და დაპირისპირების შეწყვეტას ლიბიის ყველა ქალაქში მეორე დღეა, ზეიმობენ.
კომენტარები