პოლიტიკა
აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის „მაპის“ მინიჭებას
2011-10-10 18:52:53
ჩამოტვირთვა
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შეერთებული შტატების დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოსათვის `მაპის` მინიჭებას. ამის შესახებ საუბარია დელეგაციის ხელმძღვანელის მაიკ ტერნერის განცხადებაში. მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ ერაყსა და ავღანეთში თავისი უმნიშვნელოვანესი დახმარებით დაამტკიცა, რომ არის სანდო მოკავშირე და უსაფრთხოების გარანტი.`ნატოს გაფართოება არ შეიცავს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის: პირიქით, ის აძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელს ევრო-ატლანტიკურ არეალში.
მე მხარს დავუჭერ წევრობის ერთიან სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის, ჩიკაგოში ნატოს 2012 წლის სამიტზე. ნატოს გაფართოების პროცესმა ისტორიული წარმატება მოგვიტანა სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანამშრომლობისა და სხვა საერთო მიზნების მიღწევის პროცესში, მთელს ევროპაში, რომელიც თავისუფალი და ერთიანია,`- ნათქვამია ტერნერის განცხადებაში. იგი სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციებსაც შეეხო და დასძინა, რომ ამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ ცოტა ხნის წინ დაიწყო რეზოლუცია N374-ის განხილვა, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ინიციატივას შეეხება. მაიკ ტერნერი მოუწოდებს ნატოს ყველა წევრს იმავე ნაბიჯის გადადგმისაკენ, რათა ხელი შეეწყოს საქართველოსთან სავაჭრო კავშირების გამყარებას.
კომენტარები